არქივი


ექვთიმე თაყაიშვილის არქივი

აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საარქივო ფონდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული (დღევანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).
   
ხელნაწერთა ინსტიტუტში არქივი შემოვიდა 1957 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით* (საქართვეოს მეცნიერებათა აკადემიას კი ე. თაყაიშვილის ფონდი გადაეცა ე. თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისივე ანდერძის თანახმად).
   
ხელნაწერთა ინსტიტუტში არქივი ამუშავდა, შედგა კატალოგი და ე. თაყაიშვილის პირადი საარქივო ფონდის მრავალფეროვანი და მრავალმხრივ საინტერესო მასალა ხელმისაწვდომი გახდა მკვლევრებისთვის.
    
ე. თაყაიშვილის არქივი ნაწილობრივ მოწესრიგებულია მის მიერვე. ცალკე იყო გამოყოფილი მასალები ნ. ბ. ღოღობერიძის ანდერძის, საზოგადოება "ჩოლოქის" და ე. თაყაიშვილის ემიგრაციაში ყოფნის შესახებ. დაჯგუფებული იყო შემოქმედებითი მასალების ნაწილიც: ხელნაწერთა აღწერილობა, ეპიგრაფიკა, გენიალოგიები, არქეოლოგიურ ექსპედიციათა ანგარიშები, ლექციათა კონსპექტები და სხვა...  ყველა ეს ჯგუფი უცვლელად იქნა დატოვებული არქივის დამუშავების დროს.
    
ე. თაყაიშვილის საარქივო ფონდი 2000-ზე მეტ ერთეულს მოიცავს და 5 ნაწილისგან შედგება: I.  ბიოგრაფიული II. პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, III. შემოქმედებითი მასალები, IV. მიწერ-მოწერა   V.  სხვადასხვა 
    
I. ბიოგრაფიული მასალები დალაგებულია ქრონოლოგიურ რიგზე
(ამ განყოფილებაში აღწერილია ექვთიმე თაყაიშვილის ცოლის – ნ. პოლტორაცკაია - თაყაიშვილის, დოკუმენტებიც).
    
II. საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალები დაჯგუფებულია სხვადასხვა საზოგადოებისა და დაწესებულების მიხედვით, თითოეული ჯგუფის შიგნით ქრონოლოგიური რიგის დაცვით.
    
აღნიშნულ მასალებში გვხვდება ცალკეული ერთეულები, რომელთა გაერთიანება არ ხერხდება არც ერთ ჯგუფში. ისინი დალაგებულია ქრონოლოგიურად და სათაურით "სხვადასხვა" შეტანილია ამ განყოფილებაში 2 ადგილას - პირველი ჯგუფი დოკუმენტებისა თარიღდება 1894-1921  წლებში და წინ უსწრებს ემიგრაციის მასალებს; მეორე ნაწილი დათარიღებული 1947-1952 წლებით; მოქცეულია საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალების ბოლოს.
     
ემიგრაციის პერიოდის მასალები ქრონოლოგიურად სცილდება ამ პერიოდის ზედა თარიღს-1945 წელს (ამ ჯგუფის უკანასკნელი დოკუმენტი 1952 წლით თარიღდება),  მაგრამ აქ დაცული დოკუმენტები ეხება საქართველოდან მენშევიკების მიერ გაზიდული განძეულის საქართველოში დაბრუნებას და ამიტომ ისიც ამ ჯგუფში გაერთიანდა.
     
III. არქივის ამ ნაწილში მოქცეულია ე. თაყაიშვილის ნაშრომები, დაწერილი სხვადასხვა ხელით. მათ ავტოგრაფული მნიშვნელობა აქვთ, რადგან ე. თაყაიშვილის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში უკვე აღარ შეეძლო წერა და იგი სხვების დახმარებით მუშაობდა და აწესრიგებდა ადრეულ ნაწერებს. ამიტომ ე. თაყაიშვილის ფონდში გვხვდება ერთეულები, სადაც ავტოგრაფთან ერთად დაცულია სხვა ხელით გადაწერილი პირი იმავე მასალისა.
     
ამ განყოფილების ბოლოში მოქცეულია  ის დამხმარე მასალა, რომელიც ე. თაყაიშვილს სჭირდებოდა მუშაობის დროს: ამონაწერები სხვათა ნაშრომებიდან, მის მიერ გადაწერილი ტექსტები, სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერები და ასე შემდეგ.
     
IV. მიწერ-მოწერა შეიცავს ორ ჯგუფს. პირველ რიგში აღწერილია ე. თაყაიშვილის წერილები სხვადასხვა პირისადმი. აქ თავმოყრილია ე. თაყაიშვილის წერილები, დაცული მის არქივსა (უმეტესად შავები,ზოგჯერ ფოტოპირები) და ხელნაწერთა ინსტიტუტის  სხვა პირად საარქივო ფონდებში. მეორე ჯგუფში წარმოდგენილია სხვათა წერილები ე.თაყაიშვილისადმი.
     
წერილები აღწერილია ანბანურ რიგზე, პირველ ჯგუფში ადრესატის, ხოლო მეორე ჯგუფში  ავტორთა გვარების მიხედვით.
     
V. სხვადასხვა დოკუმენტის განყოფილებაში აღწერილია სხვათა ნაშრომები, სხვა პირთა მიწერ-მოწერა და ხელწერილები.  მასალა დალაგებულია ანბანურ რიგზე  ავტორთა გვარების მიხედვით.
     
ექვთიმე თაყაიშვილის ფონდი ნაწილობრივ შევსებულია მოსკოვისა და ლენინგრადის ადგილებშიი დაცული დოკუმენტების ფოტოპირებით.
 
 
წყარო: აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის არქივი, აღწერილობა შეადგინა და გამოსაც. მოამზადა ე. კელენჯერიძემ, თბილისი, 1972.

No comments:

Post a Comment