არქეოლოგიური მოგზაურობანი


ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური მოგზაურობანი

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ განძეულის სამშობლოში დაბრუნების მამულიშვილური საქმე ერთგვარად ჩრდილავს მის მეცნიერულ ღვაწლს და ფართო საზოგადოებრიობის ყურადღების მიღმა რჩება ის ფასდაუდებელი მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა და მისმა თაობამ დაგვიტოვა და რომლის გარეშეც, როგორც სამართლიანად აღნიშნავენ, ქართული ჰუმანიტარული მეცნირება ნაბიჯსაც ვერ წადგამდა წინ.
უაღრესად საინტერესოა ექვთიმე თაყაიშვილის მეცნიერული მემკვიდრობის ერთი მნიშვნელოვანი მხარე – არქეოლოგიური მოგზაურობანი, რომელთაც ექ. თაყაიშვილი აწყობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ექსკურსიების (როგორც თავად ექვთიმე უწოდებდა ამგვარ ღონისძიებებს) მიზანი მრავალმხრივი იყო: არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ნივთთა შეგროვება, ისტორიულ ძეგლთა შესწავლა – ანაზომების, გეგმა–ჭრილებისა და ჩანახატების გაკეთება, ფრესკების ასლების გადმოღება, ეპიგრაფიკული მასალის შეგროვება, ძეგლთა ფოტოგრაფირება, ეკლესია–მონასტრებში დაცული ნივთების აღწერა და ადგილზე შესწავლა, ხოლო სადაც შესაძლებელი იყო, მათი შეძენა და მუზეუმებში დაბინავება...
       
მოგზაურობებთან დაკავშირებული ერთი საინტერესო დეტალი: 1907 წელს,  კოლა–ოლთისში მოგზაურობისას, სოლომონისის მღვიმე–ეკლესიაზე ძნელი ასასვლელი ყოფილა და მესხებს ხელით აუყვანიათ კოჭლი მეცნიერი.
ექსკურსიათა ქრონოლოგია:
დიმიტრი ბაქრაძე


1889 წელი –  ექვთიმე თაყაიშვილის პირველი აქეოლოგიური მოგზაურობა. თებერვალში იგი დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად მცხეთას გაემგზავრა. მათ სვეტიცხოველში ბევრი საინტერესო ხელნაწერი უნახავთ და თან წამოუღიათ. შემდეგ, ზაფხულში, თაყაიშვილი პედაგოგიური მივლინებით იმყოფებოდა სურამში. თავისუფალ დროს სიძველეთა ძებნასა და დათვალიერებაში ატარებდა. აქ, ერთ–ერთი სოფლის ეკლესიაში, მან მიაგნო სახარებას, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელწოდებითაა ცნობილი.
                     

1902 წელი – თაყაიშვილის პირველი მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში. მას თან ახლდნენ ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. გამოკვლეულ იქნა ახალციხე–ახალქალაქისა და არტაან–ოლთისის ზოგიერთი ძეგლი.

1907 წელი – მეორე ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. ექვთიმესთან ერთად ექსპედიციის შემადგენლობაში იყვნენ ხუროთმოძღვარი ანატოლი კალგინი  და ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი.  თაყაიშვილმა შეისწავლა კოლას რაიონის ძეგლები და დაამთავრა ოლთისის ოლქის ძეგლებზე მუშაობა. შეისწავლა ბანას ტაძარი, ქ. ოლთისი, ტაოსკარი, მოინახულა ფანასკერტი (თუმცა აქ მან ვერაფერს მიაკვლია). მუშაობის შედეგები ექ. თაყაიშვილმა გამოაქვეყნა  პარიზში 1938 წელს – ,,არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა–ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“ (სოფ. ჩანგლში აღმოჩნდა ჯვრის ტიპის ეკლესია, რომელსაც მეტად საინტერესო ქართული წარწერები ჰქონდა).
ბანას ტაძარი

1908 წელი – ახლად დაარსებული საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება აწყობს თავის პირველ არქეოლოგიურ მოგზაურობას. ექსპედიციის წევრები ექ. თაყაიშვილი და არისტო ქუთათელაძე მიემგზავრებიან სოფ. ატენში და ეცნობიან ადგილობრივ სიძველეებს.

1909 წელი – საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი და საზოგადოების ხაზინადარი ალექსანდრე სარაჯიშვილი ესტუმრნენ ქ. გორსა და ქართლის შემდეგ სოფლებს: ახალქალაქი, დოესი, ოთარაშენი, მეჯვრისხევი, იკორთა, ხელთუბანი, კასპი, ლამისყანა, ოძისი, ქსოვრისი, მუხრანი. შეკრიბეს მრავალი სიგელ–გუჯარი და რამდენიმე ხელნაწერი. აღნიშნული ექსპედიცია იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მან ქართულ სოფლებში სხვადასხვა სიძველის დიდძალი რაოდენობით არსებობა დაადასტურა და საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოება დააყენა ფართომასშტაბიან ექსპედიციათა მოწყობის აუცილებლობის წინაშე: საჭიროა მთელი საქართველოს მოვლა და ამ ძვირფასი საუნჯის პატრონობა, დღევანდელ პირობებში ადვილად შესაძლოა ეს დაუფასებელი საუნჯე სამუდამოთ დაიღუპოს“ (ამონაწერი საზოგადოების ოქმიდან, ,,ძველი საქართველო“, III, 1913-14, განყ. მესამე, გვ. 54).
1910  წელი – საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ექსპედიცია ლეჩხუმსა და სვანეთში. ხელმძღვანელი ექვთიმე თაყაიშვილი, წევრები: სიმონ კლდიაშვილი (ხუროთმოძღვარი), დიმიტრი ერმაკოვი (ფოტოგრაფი) და ივანე ნიჟარაძე. მოგზაურობა დააფინანსა საზოგადოების წევრმა და მისმა მეცენატმაპეტრე თუმანიშვილმა. ექსპედიციამ შეისწავლა სვანეთისა და ლეჩხუმის ქრისტიანული კულტურის ძეგლების დიდი ნაწილი, ფოტოგრაფიულად გადაიღო სოფლების საერთო ხედები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები, შეგროვილ იქნა დიდძალი სამუზეუმო მასალა. ექსპედიციის დროს შეკრებილი მასალა წარწერათა და სიძველეთა მოკლე აღწერილობის სახით გამოიცა პარიზში 1937 წელს – ,,არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში 1910 წელს“. სვანეთის სიძველეთა შესწავლას ექვთიმე თაყაიშვილი მიჰყავს ორ მნიშვნელოვან დასკვნამდე: 1) ,,წინათ ფიქრობდნენ, სიმრავლე ჯვარ–ხატებისა და ხელნაწერებისა, რომელნიც სვანეთში იყო..., აიხსნებოდა იმით, რომ სვანეთში ეზიდებოდენ... ამ ნივთებს შესანახად და გადასარჩენად განადგურებისაგან მტერთა შემოსევის დროს. ეჭვი არ არის, ამასაც ადგილი  ჰქონდა, მაგრამ ჩვენის დაკვირვებით, ცხრა მეათედი ჯვარ–ხატებისა  თვით სვანეთშია დამზადებული. ამას მოწმობს სვანიზმები წარწერებისა, გვარები შემკვეთელებისა და ოქრომჭედელთა“; 2) ძველი სასაფლაოებიდან  ამოღებული და სოფლის ეკლესიებში დაცული მრავალი არქეოლოგიური ნივთი ნათლად მოწმობს, რომ ,,არქეოლოგიურმა გათხრამ სვანეთში დიდი შედეგები უნდა მოგვცეს“.
სვანეთი
I რიგში: სვანურ საკარცხულზე ზის ექვთიმე თაყაიშვილი, უცნობი ადგილობრივი მღვდელი
და დიმიტრი ერმაკოვი (ფოტოგრაფი)
II რიგში: ე.თაყაიშვილსა და მღვდელს შორის - სიმონ კლდიაშვილი (არქიტექტორი), ზემოთ მარჯვნიდან
ივანე ნიჟარაძე (უნივერსიტეტის ლექტორი), დანარჩენი ადგილობრივი სვანები.


1913 წელი – მოგზაურობა გურია–სამეგრელოსა და იმერეთში. ამ ექსპედიციაში ექ. თაყაიშვილს თან ახლდა ფოტოგრაფი თეოდორ კიუნე. გურიაში მათ შეისწავლეს შემოქმედის მონასტერი, ხოლო იმერეთში – ხონი და ვანი. ექსპედიციას მიზნად ჰქონდა, ფოტოგრაფიულად გადაეღო ისტორიული ძეგლები და ხელოვნების ნიმუშები, გასნობოდა ეკლესიათა მოხატულობას. ექსპედიცია აგროვებდა სხვადასხვა სამუზეუმო ნივთს, არქეოლოგიურ და ეპიგრაფიკულ მასალას, ხატების, ჯვრებისა და სხვა საეკლესიო ნივთების წარწერებს, სიგელ–გუჯრებსა და ხელნაწეთა მინაწერებს. ამ ღონისძიებას დიდი დახმარება აღმოუჩინა ყოვლად სამღვდელო გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდმა. ექვთიმე თაყაიშვილი გაეცნო სამეგრელოს ძირითად ეკლესიებსა და მონასტრებს. ექსპედიციის შედეგებს მან თავი მოუყარა ნაშრომში – ,,არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“. ამ წელსვე ექვთიმე თაყაიშვილი, თეოდორ კიუნე და საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოების მდივანი სერგი გორგაძე შიომღვიმის მონასტერს ეწვივნენ. ექსპედიციამ გადაიღო მნიშვნელოვან სიძველეთა ფოტოები და შეადგინა შიო მღვიმელის საფლავზე აგებული ტაძრის გეგმა. ამავე წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთან – არქიმანდრიტ ლაზარისთან (ლეჟავა) ერთად მოინახულა დავითგარეჯის მონასტერი. წლის დასასრულს ექვთიმე გაემგზავრა ქუთაისს, საიდანაც მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა ჩამოიტანა.

ექვთიმე თაყაიშვილი ხობის მონასტრის ბერებთან ერთად. 1913 წელი

1917  წელი – მესამე ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, ყველაზე ნაყოფიერი და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არქეოლოგიური მოგზაურობა ექვთიმე თაყაიშვილის ექსკურსიათა შორის. ექსპედიცია ყველა წინამორბედზე მრავალრიცხოვანი იყო: ხელმძღვანელი – ექვთიმე თაყაიშვილი, ხუროთმოძღვრები – ანატოლი კალგინი და ილია ზდანევიჩი, მხატვრები – დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი და ლადო გუდიაშვილი. ექსპედიციამ შეისწავლა ხახულის მონასტერი, თორთუმის ციხე, ექექისა და სოხთოროთის ტაძრები, ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლები – ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა ეკლესია და სხვ. ექსპედიციის მიერ ჩამოტანილი მასალები საფუძვლად დაედო ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას 1920 წელს. ამ ექსპედიციის მნიშვნელობა მარტოოდენ მისი შედეგებით როდი განისაზღვრება. რამდენიმე თვის შემდეგ ეს მხარე კვლავ თურქეთმა ჩაიგდო ხელთ და ქართველი სპეციალიტებისთვის იგი მრავალი წლის მანძილზე მიუწვდომელი გახდა. სინტერესოა ერთი დეტალიც: ექვთიმე თაყაიშვილმა ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ სთხოვა ქართულ ეკლესიას, გაეგზავნათ სასულიერო პირები ტაოს ქართული მონასტრების სამეთვალყურეოდ. ეკლესიამ დააკმაყოფილა ეს თხოვნა და იქ საკუთარი სახსრებით 1 ბერი და 2 მორჩილი გაგზავნა.


1919 –1920 წლები – არქეოლოგიური ექსპედიცია რაჭაში. ექვთიმე თაყაიშვილს თან ახლდა ფოტოგრაფი თეოდორ კიუნე. 1919 წლის ზაფხულში აღწერა რაჭის ერთი ნაწილი: ნიკორწმინდა, ბეთლევი, ჭელიშის მონასტერი, აგარა, ხოტევი, ამბროლაური, ბარაკონის ეკლესია, სორი. მომდევნო წლის ზაფხულში ექვთიმემ მოინახულა რაჭის თითქმის ყველა სოფელი, სადაც კი ძველი ეკლესია და საეკლესიო ნივთები ეგულებოდა. ეს სოფლებია: ბუგეული, მიქაწმინდა, ქედისუბანი, ხონჭიორი, ონი, გლოლა, ღები, ჭიორა, მრავალძალი, სხვავა. აღწერეს ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ცალკეული ნიმუშები, წარწერები. გაკეთდა სიძველეთა ფოტოფიქსაცია. შეკრებილი მასალის კვლევითი ანგარიში გამოქვეყნდა ექ. თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი დაბადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ბუბა კუდავა

წყარო:  თაყაიშვილი ექვთიმე, მარტვილის მონასტერი, რედ.-გამომც.: ბუბა კუდავა, თბილისი, 1993;




No comments:

Post a Comment