წერილები



             მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი

იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგესქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.

ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები.

კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: ,,ადამის ტომთა წესითადა ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს.

თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუროთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა.

კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება.

მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ.

ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისამთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას!

ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.

ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა.

25 ნოემბერი, 1936, პარიზი                                                        ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი ნიკო მარისადმი

 
                                                                                          ნიკო მარი

16 თებერვალი

1900 წელი
(
თბილისი)
 
ძმაო ნიკო!
შენი წერილის პასუხი დაგიგვიანე. ჩემ ცოლს ბიძა მოუკვდა, რომელიც მთელს სახლობას ინახავდა და თვითონ ცოლიც ავათ მყავდა, ეხლა მოიკეთა. შატბერდის კრებულის გამოგზავნა გადავაწყვეტიე საზოგადოებას, მაგრამ მე მოუცლელობით, ვერ გავათავე ჯერ სამი ხრონიკის რუსული გამოცემა და ვეცდები გავათავო აპრილამდის და როგორც გავათავებ მაშინვე გამოგიგზავნი. ნუ დამემდურები, რომ დაგიგვიანე, ეს შრომა ცოტა გადადევი. რაც შეეხება ამირან-დარეჯანიანს, მე ყველა ხელნაწერები აღწერილი მაქვს, კატალოგს რომ ვადგენდი, მაშინდელი ეხლაც გავსინჯე. ნომერი 1623 ერთი ხელით არის თავიდან ბოლომდის გადაწერილი, მაგრამ სრულებით არსაიდან ჩანს, რომ ძველი დედნიდან იყოს გადაწერილი. ბოლოს მინაწერი სწორათ აქვს ჯანაშვილს, გარდა მესამე სტრიქონისა, რომელიც იკითხება ასე: „ჰხმობენ მწერალნი, არ თქმულ არს ცისა ღრუბლის არ ქონაი“. მაგრამ ჯანაშვილის მოყვანილი თავები, ვითომ გილარიანისა რომ ეჭვს გარეშე ყალბია ამის დასამტკიცები საბუთი თვით ხელნაწერშია, ყალბ მეთორმეტე თავს განძის აშიაზე ტექსტის ხელით ასეთი მინაწერი აქვს: „. ვინცა სწერდეთ, ამ ამბავს ნუ დასწერთ. ეს წიგნის მთქმელისა არ არის. ვიღაცას ცრუს ქრცხინვალელს (მიუწერია)“. სხვა აშია აქ წაჭრილია. მაგრამ სამაგიეროდ, ამგვარივე ფრაზა დამთავრებულია მეცამეტე კარის შენიშვნაში. იქაც გვერდზე უწერია: „. ნურც ამას დასწერთ. ესეც იმ ცრუს ქრცხინვალელს კაცისაგან არის ნალაყბი და მოგონილი“. აქიდამ ცხადია, მოხსენებული თავები ყალბია ეს იმითაც მტკიცდება,რომ სხვა უძველეს ვარიანტებში ეს თავები სრულიად არ არის.სხვა არავითარი მინაწერი არა აქვს ჩვნს დედანს.ეს მინაწერები ჯანაშვილმა აღარ მოიხსენა.რატომ? შენ გამოიკვლიე.რაკი მე ყველა ხელნაწერების ცნობა მაქვს შეკრებილი,მინდა ცოტა შენიშვნა დავსწერო მოამბეში ან სღვაგან ამ ხელნაწერების შესახებ და შესახებ ყალბი დილარიანისა,სხვათა შორის,საზოგადოებას აქვს პეტერბურგში გადაწერილი,ვგონებ ოქრომჭედლიშვილის თაოსნობით,ეგზემპლიარი.ეს ეგზემპლიარი შედარებულია აკადემიის ვარიანტთან და აქა იქ აღნიშნულია,როგორ არის აკად.ვარიანტში.ეტყობა,გადაწერილი სხვა დედნიდან არის და ეს ორი ყალბი თავიც არის შით,მაგრამ მეორე თავის ბოლოს,გვერდზე უწერია აკადემიის ვარიანტში არ არისო,მაგრამ ვინაიდან აქ რაღაც ნიშანი არის,არ ვიცი მარტო ბოლოს ეხება ეს შენიშვნა თუ მთელ თავს.მადლობელი ვიქნები,თუ მაცნობებ,რამდენი და როგორი ხელნაწერია პეტერბურგში.
ნიკო, პირველი ხელნაწერი ზემოთ გარკვევით არ წერია და აქ კიდევ მოვიყვან: „.ვინცა სწერდეთ,ამ ამბავს ნუ დასწერთ.ეს ამ წიგნის მთქმელისა არ არის.ვიღაც ცრუს ქრცხინვალ...“შენი სტატია მივიღე.აქ დაბეჭდილი სტატიის ოტტისკიც გამომიგზავნე უსათუოდ,როდესაც მიიღო. ეს უკანასკნელი სტატია აქ ძლიერ მოეწონათ ყველას.ჩახრუხაძეს როდის დაბეჭდავ?მართლა ნიკო როგორ გესმის შენ ჩახრუხაძეს ფრაზა (კაეპე5):მოუბარისა მის მდუღარისა დილარგეთისაგან ახშპოთებულად.ნუთუ ისეთი შინაარსის იყო დილარიანი რომ აღაშფოთა თლამარი?სახელი პოემისა უნდა დილარგეთიანი იყოს და არა დილარიანი.ძალაინ მიკვირს როზენის საქმე.მაქ თუ ასეთი ინტრიგები და სიუპატიოსნეა,სხვაგან რაღა გვიკვირს!კაცი თურმე ყველგან და ყოველ შემთხვევაში მოუსვენარი და ინტრიგანია.შენ მაინც პოზიცია არ გაიფუჭო უნივერსიტეტში ცოტა ფრთხილად იყავი.
მომიკითხე გულითადად შენი მეუღლე ჩემ და ჩემი ცოლის მაგიერ და გიორგის მიკოცნე. შენი ძმა . თაყაიშვილი.
 
P.S. გეთაყვა, შემიტყვე და მალე მომწერე, კადემიის ხელნაწერი შეიძლება კიდევ ვითხოვოთ,რომ სამი თვით ან მეტით კიდევ დაარჩინონ ჩემთან.მარიამის ბეჭვდვას ცოტა აკლია,მაგრამ აქაური ტიპოგრაფიის წყალობით,კიდევ არ მაქვს იმედი,მალე გათავდეს.შენი ჭირიმე,ლემს მოელაპარაკე და მითხოვე მომიხერხოს,კიდევ დამიცადონ.ლემის სტატიის გადმოთარგმნას შენ რომ დამპირდი რათ არ გადმოთარგმნე.ლაპატინსკის ნათარგმნი რაღაც არეულიდან შემოკლებულია მე მგონია არც თეოგნოსტა არის ნამდვვილი სახელი ჩვენი განმანათლებლისა ..


ძმაო ნიკო!

16.11.1903
(ტფილისი)

ნემესიოს, წიგნს , ხელნაწერს გიგზავნი,რათა ისარგებლო შენი მოხსენებისთვის და ორი კვირის შემდეგ დამიბრუნო; ტექსტს მე ვბექდავ კატალოგში. ამასთანავე, მაგის ლიტერატურის შესახებ მაცნობე, თუ რითი შველის ბერძნული ტექსტის აღდგენას. მე მაგის გამოცემა პროფესორ ტეგას დავპირდი და მას შემდეგ ვეძებ ხელნაწერებს. ორი კიდევ სხვა ვიპოვე,ერთი ხუცური და ერთი მხედრული. ტექსტის შედარებამ დამარწმუნა, რომ სამივე ხელთნაწერი ერთი მეორისაგან არის გადმოწერილი, ყველა ერთ და იმავე ფრაზაზეა შეწყვეტილი და განსხვავება ტექსტში არ არის. გრადაცია ასეთი მგონია: ხუცური ხელთნაწერიდან, რომელიც ეხლა მე მაქვს, გადმოწერილია ეს, შენ რომ გიგზავნი, და ამისგან მხედრული. . ხახანაშვილმა ითხოვა ეს ხელთნაწერი და ეცნობა, რომ მე ვბეჭდავ და ამიტომ ვერ გავუგზავნეთ. ტფილისში მე ნემესიოს შესახებ ცნობები ვერ ვიპოვე, მხედრულს ხელთნაწერში სწერია, პომ ეს პეტრიწის გადმოთარგმნილიაო... ნიკო, შენი ადონცი მე ავაზაკურათ მომექცა პატივისცემისათვის. ხელნაწერის ჩვენება მთხოვა, ვაჩვენე, წავუკითხე და ავუხსენი. მერე ერთი დღით მთხოვა სახლში, ვათხოვე და იმ დღიდგან აგერ მეექვსე თვეა, ხმას აღარა მცემს და არც ხელნაწერს მიგზავნის. და მერმე ვის ხელთნაწერს? წერა-კითხვის საზოგადოებისას. შენი ჭირიმე, ნიკო, ერთ ხათაბალას გადამარჩინე გამოაგზავნინე.
ასე უსირცხვილობაც არ შეიძლება.
ნიჟარაძეს გიგზავნი პეტერბურგში ეკზამენების დასაჭერათ და გთხოვ ყოველი ღონე იღონო და როგორმეატესტატითგამოამგზავრო. მე მგონია, ეხლა მაგას უფრო დავიწყებული აქვს კურსი, ვიდრე გამეორებული, მიიღონ მხედველობაში ის ბალები, რომელნიც წინანდელ ეკზამენებზე მიიღო. არხელოგიის შესახებ ცალკე მოგწერ. ეხლა შემიძლია გაცნობო, რომ პირველი ნორმისათვის ზარზმის წარწერებს მოგაწვდი, ძლიერ ბევრია ფრესკის წარწერები. აქ რეფერატი წავიკითხე, მაგრამ ის ხომ მარტო წარწერებს არ ეხება. ამას გარდა, სხვა შემოწმებულ წარწერებსაც გამოგიგზავნი, მაგრამ ენკენისთვემდის არა მგონია, რომ შენ საქმეს შეუდგე. ბიბლიოგრაფიას ენკენისთვის ვფიქრობ მომზადებას, საზოგადოდთ კი აღარაფრისთვის არ მცალია მანდამაინც.

ხანძთელის დაბეჭდილი ტექსტი მომაწოდე ოტტისკებით წიგნის გამოსვლამდე.

ნინომ და ჩვენებმა შენ და შენს მეუღლეს სალამი და ჩე()მაგიერადაც მოკითხვა გადაეცი.
იურის ჯანჯუხას უგზავნი ცოტას, თუ ნიჟარაძემ წამოიღო. სხვაფრივ ჯერ მშვიდობით, ამ წერილს საჩქაროთ გწერ.

P.S. მომცემლიძეს    ფული     ჯერაც   არ მიუღია და მე შევიტანე ზალოგი, ის გაჭირვებულია და მიტომ შეგაწუხა, მე კიდევ შემაწუხა. ერთი ფურცელი ტექსტისა დარჩენილა აქ ჩემთან და გიგზავნი ამასთანავე. ხელთნაწერიზაკაზნოიბანდეროლით გაოგზავნე, არ დაიკარგოს, ერთ ხათაბალას არ შემამთხვიო, ოფიციალურად რომ გეთხოვა, არ გამოგიგზავნიდნენ ამ ხელთნაწერს. კატალოგის მეორე წიგნაკს გიგზავნი, მესამე დაბეჭდილია და შეიცავს მარტო 144 გვერდს.

მეგრელიის ქართლის ცხოვრების ვარიანტშია შით მოქცეული. შენი ძმა ექვთიმე





ძმაო ნიკო!

პარიზი,

10.06.1928
პირველად გულითადი მოკითხვა შენს მეუღლეს და შენ ჩვენ ორთავეთაგან. წავიკითხეთ ტფილისის გაზეთში თქვენი იქ ყოფნის ამბავი. ეხლა ჩემი თხოვნაა: უთუოდ დამიბრუნოთ ყველა ჩემი სტატიები და მათი სურათები, რომელნიც ამდენი წელია თქვენთან არი და საკმაოდაც დამძაღდნენ. ზოგი მასალები უკვე გამოაქვეყნეს სხვებმა ტფილისში და ეს ბედი მოელის სხვებსაც. შრომა იმისთვის მივიღე, რომ პრიორიტეტი გამოქვეყნებისა მაინც შემრჩენოდა. თუ სტატიები ტფილისშია გაგზავნილი, გთხოვ საჩქაროდ გამოითხოვო უკან და დამიბრუნო.

როდესაც შენი სტატია იყო აქ უშედეგოდ დარჩენილი, თუმცა ეს მე პირადად არ მეხებოდა, მაგრამ შენის თხოვნით მივიღე ყველა ზომები და გამოგიგზავნე, ხოლო ჩემი სტატიები პირადად შენ მოგაწოდე და რაკი დაბეჭდვა არ ეღირსა,რასაკვირველია, გარემოებათა მიხედვით, ამას შენ კი ვერ გისაყვედურებ ვერას გზით, მხოლოდ უფლებას ნუ წამართმევ რომ უკან დავიბრუნო და განმეორებით გთხოვ მომაწოდო გრაფენის მისამართით. ამას გარდა , ალექსანდრა ალექსეევნას ვთხოვე, როგორც იცი, წიგნების მოწოდება. მისიაკურატნობამე კარგად ვიცი და არა ერთხელ ვყოფილვარ მათგან დავალებული, მაგრამ ეხლა, როგორც ეტყობა, არც ეს ხერხდება. რა გაეწყობა, ბედი უბედო ჩემზედა არ ახალია, ძველია! შენთან შემდეგი სტატიებია: 1)ვანის ეკლესიის სიძველეთა აღწერა, 2) სოფელ ჩანგლის ეკლესიის აღწერა და ფრაგმენტი ერთი ქართული ხელნაწერისა, ამსვე აქვს დართული შენიშვნა, 3) პიტარეთის მონასტერი და მისი წარწერიანი, 4) ორი ეკლესია სოფელ ტანძიაში, 5) მდებარეობა სოფლისა და მონასტრისა თევდორწმიდისა,6) ციხე და ეკლესია სოფ. ქვეშში, გზავნილი ქონთან შენთან ვერცხლის დოქი მეფე გიორგი III; ამას გარდა დიდი ხანია გამოგზავნილი მქონდა შენთან სომხური წარწერაბის ფოტოგრაფიკული სურათები სასაფლაოს ქვებისა ჩანგლში და ეკლესიისა ფანასკერტში. როგორმე მინახე და დამიბრუნე, ადრეთვე ფოტოგრაფიულად გადაღებული მთელი კარის გარიგების ტექსტი. იყავით კარგათ და ბედნიერათ! და ნუ დაგვივიწყებთ.


                                                                                                                        ე. თაყაიშვილი


ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი იოსებ მეგრელიძისადმი

                                                                                 იოსებ მეგრელიძე
ბ-ნო იოსებ, დიდად გმადლობ წიგნებისათვის.
გაახლებ ექვს ჩემს ბროშურას. ავალიშვილს და ზავრიევს გავუგზავნე თქვენი „ნაროდნიე პრედანია ო შოტა რუსტაველი.“ ზურაბს მივსწერე მისი წიგნის „ ვეფხისტყაოსნის საკითხები“-ს შესახებ; თუ გამომიგზავნა, გაახლებთ. დეეტერსის ქართული ზმნები მე არ მინახავს და არც ვიცი, სად იშოვნება. ფოქტის ახალი გრამატიკა ვიცი, რომ გამოვიდა მაგრამ ჩემთვის არ გამოუგზავნია; მოვიკითხავ, სად იყიდება და როცა ვიპოვი, გამოგიგზავნით. მოკლე დროში გაახლებთ კიდევ ჩემს „არქეოლოგიურ ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში“.
თქვენა გთხოვთ , საიუბილეო გამოცემა „ვეფხისტყაოსნისა“ მომაწოდოთ უსათუოდ. ტფილისიდან აღარაფერი მომდის. ტფილისის მუზეუმის „მოამბე“ მარტო რვა წიგნი მაქვს, უნივერსიტეტის „მოამბე“-ათი „იზვ.კავკ.არხ.ინსტიტუტა“- ოთხი.
რაც მეტია გამოსული ამ სერებისა, საჭიროა ჩემთვის, თუ შესძლებთ გამოგზავნას სასწრაფოდ გაახლებთ საჭირო წიგნებს, გინდ ღირებულება. შემიძლია გაახლოთ მეორე და მესამე წიგნი Gეორგიცა- სი, თუ გსურთ. ჩემი სტატიების „ოტტისკები“ ამ ტომებიდან არ აღმოუბეჭდავთ. თქვენი გურიის ტერიტორიის და მოსახლეობის გამოკვლევა ფრიად კარგია.

მე არა მაქვს კონტაქტი აქაურ გამომცემლებთან, იშვიათად ვარ პარიზში და წელთა გამო უძლურებას განვიცდი. ნ.მარისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტომი XlV არა მაქვს. სალამი ჩემგან ალ. ქალბატონს მარრს.
                                                                                                  პატივისცემით ე. თაყაიშვილი.
11.06.(1938)
N-2
ბ-ნო იოსებ,
მივიღე „პამიატნიკი ეპოხი რუსტაველიჩ“ (ლენინგრადი,1938) და თქვენი ღია წერილი. უღრმესი მადლობა. მშვენიერია ი. ორბელის წერილი რუსთაველზე. გადაეცით ჩემი სალამი; მოთხოვეთ , მისი ნაწერები გამომიგზავნოს. გაახლებთ „ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში.“ფოქტის ქართული გრამატიკა არ აღმოჩნდა გასასყიდად პარიზში.ეს მაცნობა ზ. ავალიშვილმა.ის მისი ცოლის ნათესავია. ოსლოში მივსწერე ნაცნობთ; თუ მივიღე, გაახლებთ. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, განსვენებულის ნ. მარრის არქივში უნდა იყოს ჩემ მიერ მისდამი გაგზავნილი ფანასკერტის ერთი ეკლესიის სომხური წარწერა და აგრეთვე სასაფლაოს ქვის წარწერები ჩანგლის ეკლესიისა. მე გაუგზავნე და არ დაუბეჭდია. თუ იპოვით, ბ-ნ ორბელს გადაეცით. ზურაბის წიგნი მიღებული გექნებათ.
                                                                                                    პატივისცემით ე. თაყაიშვილი
P.S. დიდად საჭიროა ჩემთვის თბილისში გამოსული რუსთაველის დროის მატერიალური კულტურა. თუ იშოვით, მეტად დამავალებთ.
N-3
ბ-ნო იოსებ,
გამოუთქმელი მადლობა „ვეფხისტყაოსნისათვის“. დიდად ვაფასებ ჩემი სიყრმის ამხანაგის და მეგობარის ნიკო მარის ღირსეული შეგირდის ჩემდამი ყურადღებას. უნივერ მოამბე IX მაქვს, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ს. მაკალათიას წერილი სარჩევში გამოშვებული იქნებოდა.
სუყველა ტფილისის გამოცემების სარჩევები გადავათვალიერე და არ აღმოჩნდა. სიბერის გამო ხსოვნამ მიკლო. ფოქტის წიგნს ველი ამ დღეებში, დეეტერსის წიგნი დავიბარე.თუ მივიღე, გაახლებ.
ჩემთვის ეხლა ყველაზე უფრო საჭიროა „რუსულ-ქართული ლექსიკონი,“ ტფილისის გამოცემა, 1937წლის გთხოვთ, მომიხერხოთ მოწოდება და ხარჯს აგინაზღაურებთ. თბილისში ოროდიო სონღულაშვილს მიმართეთ (მასკოვსკაიაN-4) და ის მოგცემთ ზოგიერთ ჩემთვის საჭირო წიგნებს. ალბათ, თქვენ მოგიხდებათ ზაფხულში საქართველოში ჩასვლა.მიიღეთ ზომა ახალგაზრდა მეცნიერებმა, რომ გამოსცეთ „მოკლე ქართლის ცხოვრება, “ რომლიდანაც სომხური ტექსტია ნათარგმნი (ივ. ჯავახიშვილს აქვს); მასვე აქვს მეორე „ქართლის ცხოვრება,“ რომელშიაც სომხური ტექსტია ნათარგმნი(ივ.ჯავახიშვილს აქვს);მასვე აქვს მეორე „ქართლის ცხოვრების გაგრძელება“, პომელშიაც თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის ტექსტია და ვახტანგის კომისიის შეუსწორებელი „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელება.
ეს ტექსტები პირველ რიგში უნდა გამოიცეს.
ეს ხელნაწერები უნიკუმებია და მიუტევებელია, რომ ამდენხანს გამოუცემელი რჩება. პატივცემულ ივანეს ტექსტების გამოცემა, ეტყობა, არ ეხერხება. თქვენ მიიღეთ ახალგაზრდებმა თავის თავზე. ნუ უცდით აღდგენილ ტექსტებს. აღდგენა საჭიროა, მაგრამ ესეც ხშირია, რომ აღმდგენელი ზოგჯერ ამახინჯებს ზოგიერთ ადგილებს დედნისას. მარიამ დედოფლის ტექსტის აღმდგენელის მაგალითები წინ გვიძევს. მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ დონდუამ მოგვცა რუსული თარგმანი თამარის მეორე ისტორიკოსისა.
სამწუხაროდ, საიუბილეო „ვეფხისტყაოსანი“ არ არის მეცნიერული გამოცემა, გარეგნულადაც გაცილებით ქართველიშვილის გამოცემა სჯობია.
ბევრი ყალბი ადგილებია შით დატოვებული, ზოგი შესწორება ტექსტს ამახინჯებს. კრიტიკული ტექსტი უნდა გამოიცეს. პატივისცემით ე. თაყაიშვილი.
 
 
ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან
 
                                                                                    ვუკოლ ბერიძე
9 აპრილი
1935 წელი
ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. მე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:
1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით.
2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.
3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.
4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამორებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამორებული იყო რუსეთში.
ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხარვრო გალერეა სა საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა.
გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. კიდევ  ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.
სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქვენს პასუხს.
                                                                    ღრმად პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი
 წყარო: www.lib.ge




                                       

1 comment: