კონსტანტინე გამსახურდია
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი
აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი გავიცანი 1918 წელს. იგი ისე მეგობრულად მექცეოდა, თითქოს მე მისი თანატოლი
ვყოფილიყავი, მთავრობის სასახლის ბიბლიოთეკა, რომელიც შემდგომ წლებში საჯაროდ იქცა,
მის განკარგულებაში იყო.
ექვთიმე თავათ ეძებდა ჩემთვის საქართველოს, სომხეთისა
და აღმოსავლეთის ისტორიულ ანალებს. იგი დაბეჯითებით მირჩევდა ქართული ქრონიკები საფუძვლიანად
შემესწავლა და მათთვის პოეტური ექვივალენტები შემექმნა.
იმჟამად მე უპირატესად იტალიისა და საერთოდ ევროპის
ისტორიით ვიყავი გართული, მიუხედავად ამისა, ენერგიულად მივყავი ხელი ქართული ქრონიკების
შესწავლას. ამავე ხანებში დამიმეგობრა ივანე ჯავახიშვილმა. ორივენი მთხოვდნენ ევროპას
მიმავალს, ვატიკანის, ბერლინის და პარიზის ბიბლიოთეკები შემესწავლა და შემდგომ ამისა
რომანები და ნოველები დამეწერა. ივანე ჯავახიშვილი მთხოვდა ნიურნბერგს ვწვეოდი, რადგან
იქ ეგულებოდა მას შუასაუკუნეთა საქართველოს შესახებ ცნობები.
მე წავედი კიდევაც ნიურნბერგს, მაგრამ იქ წავაწყდი მხოლოდ
ჯვაროსანთა ისტორიებსა და ქრონიკებს.
1923 წელს პარიზში ვინახულე ექვთიმე თაყაიშვილი, ხანგრძლივად
მესაუბრებოდა საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების გამო.
ცნობილია, ე. თაყაიშვილი 1921 წელს თან გაჰყვა მენშევიკების
მიერ წაღებულს საქართველოს სიძველეთა საგანძურს და ცერბერივით დარაჯობდა მას მრავალი
წლის მანძილზე. იმ წელს ბარე რვა თვის განმავლობაში
ვმუშაობდი პარიზულ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. იმ ხანებში ,,დიონისოს ღიმილს“ ვწერდი,
თანაც აღმოსავლეთის ისტორიას ვსწავლობდი, მაგრამ ჯერ არც მქონდა კონკრეტულად განზრახული
რაიმე დამეწერა ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის. წლის ბოლოს მე ტოკიოში მიწვევდნენ გერმანული
ლიტერატურის კათედრის დასაკავებლად.
ბოლოს მდგომარეობამ მოითხოვა ჩემგან სამშობლოში დაბრუნება
და ერთ საღამოს უკანასკნელად ვეწვიე ექვთიმეს.
მან გაიხარა ჩემი განზრახვა რა გაიგო.
,,შენისთანა ახალგაზრდა რომ ვიყვე (და აქ მან სიტყვა
ტალანტი ახსენა) და შენისთანა ტალანტი რომ გამაჩნდეს, მე დაუყოვნებლივ წავიდოდი და
საქართველოს შევალევდი ჩემს ძალასა და სიცოცხლეს.
ხომ ხედავ, რა განსაცდელშია ჩვენი ხალხის უძვირფასესი
საგანძურები. სანამდის პირში სული მიდგას, მე მათ უნდა ვუდარაჯო აქ“.
წყარო: კ. გამსახურდია, რჩეული თხზულებანი რვა ტომად,
ტ. VII, თბილისი, 1965
აკაკი შანიძე
ექვთიმე თაყაიშვილი
ჩვენ მეტად დაგვაგვიანდა, ძალიან დაგვაგვიანდა ჩვენი წარსულის ძეგლების მოვლისა, მათი შეკრებისა და სათანადოდ დაცვის საქმეში. „წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ღვაწლი, რა თქმა უნდა, არ უნდა იქნეს დავიწყებული, არც საეკლესიო მუზეუმისა, რომელმაც მრავალი ხელნაწერი შეკრიბა,მაგრამ ეკლესია–მონასტრებში და კერძო პირების ხელში ჯერ კიდევ ბევრი უნიკალური ხელნაწერი, მეტად მნიშვნელოვანი სიგელ–გუჯრები და სხვა ისტორიული ძეგლები იყო, რომელთაც თანდათანობით აკლდებოდა და არ ემატებოდა.
აი რას წერდა ამ ოთხმოცი წლის წინათ დაბეჭდილ წიგნში გამოჩენილი რუსი მკვლევარი ნიკო კონდაკოვი, რომელმაც დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად მოიარა დასავლეთ საქართველოს ეკლესია–მონასტრები და რომელმაც გელათის შესახებ შემდეგ აღნიშნა: „რუსეთის დესპანმა ნიკიფორე ტოლოჩანოვმა, რომელიც 1650 წელს იყო იმერეთში, დაწვრილებით აღწერა გელათის მონასტერში შემორჩენილი საცოდავიღა ნაწილი იმ სიმდიდრისა, ხელოვნებისა და ისტორიის ძვირფასი ძეგლებისა, რომლებიც მას იქ უნახავსო“. კონდაკოვი დასძენს: „ტოლოჩანოვს რომ აუწერია გელათის ძვირფასი ისტორიული ხატები, ჯვრები და სახარებები, იმათგან ჩვენ ერთი მეშვიდედიღა თუ დაგვხვდაო“. ასეთ უნუგეშო ვითარებაში იყო ჩვენში სიძველეთა დაცვისა და მოვლის საქმე. საჭირო იყო ორგანიზაციული ზომების მიღება ძვირფასი და ისტორიული სიმდიდრის გადასარჩენად. ექვთიმე თაყაიშვილი სწორედ ის პირი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო სისტემებრი და ორგანიზაციული ფორმა მისცემოდა ჩვენი ისტორიული ძეგლების მონახვისა, დაცვისა, მოვლისა და შესწავლის საქმეს.
ე.თაყაიშვილი რომ არა, განა ჩვენამდის მოაღწევდა ისეთი ძვირფასი „ხელმწიფის კარის გარიგება“? რა თქმა უნდა, არა! იმიტომ რომ ექვთიმე თაყაიშვილმა იგი იპოვა ქართლში მოგზაურობის დროს ერთ ოჯახში, და ამოიღო ნაგვიდან, რომელიც მის თვალწინ გამოგავეს ოთახიდან. გესმის, მსმენელო?! ნაგვისთვის უნდა გაეყოლებინათ უძვირფასესი ხელნაწერი! ეს ძეგლი მერმე თვით ექვთიმე თაყაიშვილმა შეისწავლა და გამოსცა სათანადო შენიშვნებითურთ.
ე.თაყაიშვილი რომ არა, ვინ იკისრებდა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ დაარსებას და ღირსეულად გაძღოლას? საზოგადოება 1907 წელს დაარსდა, შემოიკრიბა თავის გარშემო თბილისში მყოფი მეცნიერები: მოსე ჯანაშვილი, კორნელი კეკელიძე, სერგო გორგაძე, იუსტინე აბულაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი და სხვები. ამ საზოგადოების ორგანოს ერქვა „საქართველოს სიძველენი“ და რამდენიმე ტომი გამოვიდა, დაიბეჭდა მრავალი სიგელ–გუჯარი. მეორე ორგანოს ერქვა „ძველი საქართველო“, მასშიც მრავალი ტომი გამოვიდა, დაიბეჭდა გამოკვლევები, დიდძალი ხალხური სიტყვიერების მასალა, შეკრებილი ქართლში თედო რაზიკაშვილისაგან, ფშავში ვაჟა–ფშაველასაგან, თუშეთში ივანე ბუქურაულისაგან და სხვათაგან და სხვათაგან.
ექვთიმე თაყაიშვილს ბოლომდე შერჩა კარგი მეხსიერება, კვლევა–ძიების წყურვილი,თანაც დიდი იმედი ჩვენი წინსვლისა და ეროვნული მეობის შენახვისა და განვითარებისა.
სასიამოვნოა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ეწოდა მისი სოფლის ლიხაურის საშუალო სკოლას.
ასეთია, მოკლედ , ცხოვრება და ღვაწლი დიდი ქართველი ექვთიმე თაყაიშვილისა.
ლადო გუდიაშვილი
ჩვენ ვმუშაობდით ყარსის, არტაანისა და ოლთისის ვრცელ არეში. აქ მდებარე ძეგლთა შორის არიან ჩვენი ხუროთმოძღვრების შედევრებიც – იშხანი, ხახული, ოშკი, ბანა, ოთხთა ეკლესია და პარხალი. ამ დაიუღალავი მეცნიერის წყალობით, დაზუსტდა მათი შექმნის თარიღები, დეტალურად გაირკვა მრავალი წარწერა, დადგინდა მოხსენებულ პირთა ვინაობა და სახელები, ცხადი გახდა მათი დიდი მნიშვნელობა და როლი საქართველოს კულტურის ისტორიაში.
მცოცავთა შორის, ყველაზე „აკრობატი“ ილია ზდანევიჩი გამოდგა; ყველაზე მუყაითი, მუდამ დაუღალავი დავით შევარდნაძე იყო... ექსპედიციის მთავარი მხატვარი, კედლის მხატვრობის კარგი მცოდნე. კეთილი მექართულე და ქართული ძეგლების მოტრფიალეც.
ვახტანგ ბერიძე
ექვთიმე თაყაიშვილის დაბრუნება
დურმიშხან ცინცაძე
აკაკი შანიძე
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი საოცარი მოვლენაა საქართველოს ახლო
წარსულში, მისი მოღვაწეობა მრავალმხრივი,უანგარო და შედეგების მიხედვით მეტად ნაყოფიერი
და ფასდაუდებელი, მოკიაფე ვარსკვლავივით იქნება საქართველოს ისტორიაში...
ქართული კულტურის აღორძინების საქმე დაწყებული XVII
საუკუნეში და ბრწყინვალედ და ენერგიულად განგრძობილი სულხან ორბელიანისა და ვახტანგ
VI–ის მიერ XVIII საუკუნეში, XIX საუკუნის
დასაწყისში ძლივს ღაფავდა სულს. იგი რამდენადმე გამოცოცხლდა XIX საუკუნის სამოციანი წლებიდან, მაგრამ XIX საუკუნეში
ჩვენში არ იყვნენ სამეცნიერო მიზნებისათვის მომზადებული პირები საკმაოდ, არ იყო სამეცნიერო
ცენტრი, რომ გასძღოლოდნენ ჩვენი წარსულის შესწავლის საქმეს, შეენახათ და შთამომავლობისთვის გადმოეცათ ის მაინც, რაც გადაურჩა
ჟამთა სიავეს და მოაღწია XIX საუკუნემდე.
ჩვენ მეტად დაგვაგვიანდა, ძალიან დაგვაგვიანდა ჩვენი წარსულის ძეგლების მოვლისა, მათი შეკრებისა და სათანადოდ დაცვის საქმეში. „წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ღვაწლი, რა თქმა უნდა, არ უნდა იქნეს დავიწყებული, არც საეკლესიო მუზეუმისა, რომელმაც მრავალი ხელნაწერი შეკრიბა,მაგრამ ეკლესია–მონასტრებში და კერძო პირების ხელში ჯერ კიდევ ბევრი უნიკალური ხელნაწერი, მეტად მნიშვნელოვანი სიგელ–გუჯრები და სხვა ისტორიული ძეგლები იყო, რომელთაც თანდათანობით აკლდებოდა და არ ემატებოდა.
მარი ბროსემ 1848 და 1849 წელს საქართველოს ზოგი კუთხე
მოიარა და თავისი მოხსენებანი დაბეჭდა ამის თაობაზე, ნათელი გახდა, თუ რა დიდი ისტორიული
განძია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რომელიც ელის მკვლევარსა და გულშემატკივარს. ამასთანავე ერთად ხდებოდა
დატაცება და განიავება უძვირფასესი ისტორიული ძეგლებისა, ხელნაწერებისა, ხატების
მოჭედილობისა, ძვირფასი თვლებისა და ემალებისა, რომელთაც არ აკლებდნენ თავის ყურადღებას
ლევაშოვები, საბინინები და მათნი მსგავსნი, რომლებსაც, ვითომცდა განახლებისა და შეკეთების
მიზნით, გაჰქონდათ თავისთვის ძვირფასი ისტორიული
ნივთები და ხელნაწერები.
აი რას წერდა ამ ოთხმოცი წლის წინათ დაბეჭდილ წიგნში გამოჩენილი რუსი მკვლევარი ნიკო კონდაკოვი, რომელმაც დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად მოიარა დასავლეთ საქართველოს ეკლესია–მონასტრები და რომელმაც გელათის შესახებ შემდეგ აღნიშნა: „რუსეთის დესპანმა ნიკიფორე ტოლოჩანოვმა, რომელიც 1650 წელს იყო იმერეთში, დაწვრილებით აღწერა გელათის მონასტერში შემორჩენილი საცოდავიღა ნაწილი იმ სიმდიდრისა, ხელოვნებისა და ისტორიის ძვირფასი ძეგლებისა, რომლებიც მას იქ უნახავსო“. კონდაკოვი დასძენს: „ტოლოჩანოვს რომ აუწერია გელათის ძვირფასი ისტორიული ხატები, ჯვრები და სახარებები, იმათგან ჩვენ ერთი მეშვიდედიღა თუ დაგვხვდაო“. ასეთ უნუგეშო ვითარებაში იყო ჩვენში სიძველეთა დაცვისა და მოვლის საქმე. საჭირო იყო ორგანიზაციული ზომების მიღება ძვირფასი და ისტორიული სიმდიდრის გადასარჩენად. ექვთიმე თაყაიშვილი სწორედ ის პირი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო სისტემებრი და ორგანიზაციული ფორმა მისცემოდა ჩვენი ისტორიული ძეგლების მონახვისა, დაცვისა, მოვლისა და შესწავლის საქმეს.
ექვთიმე თაყაიშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რომ
1889 წელს აღმოაჩინა მნიშვნელოვანი ძეგლი ახალჭალაში, ხაშურის ახლოს. ეს იყო პარხლის
ოთხთავი, იოანე–ბერის მიერ გადაწერილი X საუკუნეში
და ცნობები ამ ხელნაწერის შესახებ მან დაბეჭდა მომდევნო წელს „სამ ისტორიულ ხრონიკაში“.
ეს ოთხთავი 1922 წელს შემთხვევით გადაურჩა საქართველოდან უცხოეთში გადატანას. გერმანიის
კონსულმა ფონ ვეზენდოკმა, რომლისთვისაც შესაძენად შეეძლიათ იგი, მოიტანა ეს ხელნაწერი
უნივერსიტეტის მუზეუმში იმის გასარკვევად, თუ რას წარმოადგენდა და ღირდა თუ არა მისი
შეძენა. ამ დროს იქ შევესწარით კორნელი კეკელიძე და მე. ჩვენ ავუხსენით კონსულს,
რომ მაგ ხელნაწერს, რომელიც კარგად ცნობილია ლიტერატურაში, დიდი ხანია ვეძებთ და ვერ
გვიპოვნიაო. კონსულმა ამის შემდეგ იუხერხულა ხელნაწერის შეძენა და იმ კაცს, რომელსაც
ეს წიგნი თავისად მიაჩნდა, მეტი გზა არა ჰქონდა,
რომ ხელნაწერი არ დაეთმო უნივერსიტეტის წიგნთსაცავისთვის. ეს ერთი მაგალითია იმისა,
თუ როგორ შეიძლება გამოგვეცალოს ხელიდან ჩვენი
მამაპაპების მიერ შექმნილი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები, თუ ფხიზლად არ ვიქნებით.
ექვთიმე თაყაიშვილი
სულ წინ–წინ მიდიოდა ერთხელ არჩეული გზით. შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო მოძრავი ინსტიტუტი,
რომელმაც თითქმის მთელი საქართველო შემოიარა, ზოგჯერ მარტომ, ზოგჯერ თანამშრომლების
თანხლებით და შეკრიბა უტყუარი ცნობები უამრავი ისტორიული ძეგლების შესახებ, არქიტექტურულ
ნაგებობათა, ხელნაწერებისა და საეკლესიო ნივთებისა, წარწერებისა, კედლის მხატვრობისა
და სხვათა შესახებ.
არქეოლოგიაო, რომ ამბობენ, ამჟამად იგი გვესმის ისეთ
მეცნიერებად, რომელიც სწავლობს და იკვლევს გათხრების გზით მოპოვებულ ნივთებს და არკვევს
ძველი მოსახლეობის ყოფა–ცხოვრებას, მაგრამ წინათ არქეოლოგიად მიაჩნდათ ცნობების შეკრა
მიწის ზედაპირზე მდგომ ეკლესია–მონასტრებში თუ ციხეებსა და სახლებში შემონახული ძველი
ნივთებისა და საისტორიო მასალების შესახებ.
ე.თაყაიშვილს გათხრებიც უწარმოებია, მაგრამ იგი უმეტესად არქეოლოგი იყო ძველებური გაგებით,
მან რამდენიმე არქეოლოგიური ექსკურსია და მოგზაურობა
მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: 1902
წელს იგი იყო კოლა–ოლთისში, 1910 წელს – ლეჩხუმ–სვანეთში, 1917 წელს სამხრეთ
საქართველოს პროვინციებში, რომლებიც ადრე ოსმალეთს ეკავა და პირველი მსოფლიო ომის დროს
რუსეთის ჯარებმა დაიპყო. 1919 წელს მან იმოგზაურა
რაჭა–ლეჩხუმში. სად არ ყოფილა ექვთიმე: სამეგრელო და ზემო იმერეთი, ზემო თუ ქვემო ქართლის
კუთხეები, თეთრი წყაროს მიდამოები, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონები, კახეთი და
სხვ., სულ დავლილი აქვს და შესწავლილი იქაური
ეკლესია–მონასტრები და სხვა საისტორიო ძეგლები, ციხე–კოშკები და სხვ., ნანახი
აქვს იმ დროს იქ დაცული ხელნაწერები, წარწერები, თვით ხუროთმოძღვრების
ძეგლები, გადმოხატული და გადმოღებული ფოტოგრაფიულად და შესრულებული ანაზომების მხრივ.
ე.თაყაიშვილი რომ არა, განა ჩვენამდის მოაღწევდა ისეთი ძვირფასი „ხელმწიფის კარის გარიგება“? რა თქმა უნდა, არა! იმიტომ რომ ექვთიმე თაყაიშვილმა იგი იპოვა ქართლში მოგზაურობის დროს ერთ ოჯახში, და ამოიღო ნაგვიდან, რომელიც მის თვალწინ გამოგავეს ოთახიდან. გესმის, მსმენელო?! ნაგვისთვის უნდა გაეყოლებინათ უძვირფასესი ხელნაწერი! ეს ძეგლი მერმე თვით ექვთიმე თაყაიშვილმა შეისწავლა და გამოსცა სათანადო შენიშვნებითურთ.
ე.თაყაიშვილი რომ არა, ვინ იკისრებდა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ დაარსებას და ღირსეულად გაძღოლას? საზოგადოება 1907 წელს დაარსდა, შემოიკრიბა თავის გარშემო თბილისში მყოფი მეცნიერები: მოსე ჯანაშვილი, კორნელი კეკელიძე, სერგო გორგაძე, იუსტინე აბულაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი და სხვები. ამ საზოგადოების ორგანოს ერქვა „საქართველოს სიძველენი“ და რამდენიმე ტომი გამოვიდა, დაიბეჭდა მრავალი სიგელ–გუჯარი. მეორე ორგანოს ერქვა „ძველი საქართველო“, მასშიც მრავალი ტომი გამოვიდა, დაიბეჭდა გამოკვლევები, დიდძალი ხალხური სიტყვიერების მასალა, შეკრებილი ქართლში თედო რაზიკაშვილისაგან, ფშავში ვაჟა–ფშაველასაგან, თუშეთში ივანე ბუქურაულისაგან და სხვათაგან და სხვათაგან.
ექვთიმე თაყაიშვილი უანგარო და თავდადებული მუშაკი იყო, რომელსაც დიდი
ავტორიტეტი ჰქონდა და ყველა ეხმარებოდა, ვისაც კი გული შესტკიოდა საქართველოს წარსულისა
და აწმყოს შესწავლის საქმისთვის და მისი მომავლის შენებისთვის. დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი
ძველი ხელნაწერების აღწერის საქმეში. მისი ორი დიდი ტომი ,,წერა–კითხვის საზოგადოების“
ხელნაწერთა აღწერილობისა ძვირფასი შენაძენია საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის
საკითხების შესწავლის საქმეში.
ექვთიმე თაყაიშვილმა პირველმა აღნიშნა, რომ „ვეფხისტყაოსნის“
პირველი გამოცემა 1712 წლისა, რომელიც ვახტანგის საქმეა, კრიტიკული გამოცემაა, ე.ი.
ისეთი გამოცემა, რომელიც მეცნიერული დაკვირვების
შედეგად არის დადგენილი. იგი ეყრდნობა ჩანართიანი ხელნაწერების ტექსტს, მაგრამ შეძლებისამებრ ის გაცხრილულია ჩანართებისაგან. ზოგიერთი ამ დებულებას
არ ითვალისწინებდა, მაგრამ ეს შემდგომ ბრწყინვალედ დადასტურდა, რადგანაც გამოირკვა,
რომ ვახტანგი კომენტარებს უწერდა სწორედ ჩანართებიან
ტექსტს.
ექვთიმე თაყაიშვილის კალამს ბევრი წიგნის გამოცემა ეკუთვნის.
პირველ ყოვლისა ისტორიული თხზულებანი იპყრობდა მის ყურადღებას და ქრონიკები, მაგრამ
აგრეთვე ლიტერატურული ძეგლებიც. აღსანიშნავია, პირველ ყოვლისა, მისი გამოცემა მარიამისეული
,,ქართლის ცხოვრებისა“. ეს ძეგლი მან ისე გამოსცა,
რომ იგი ხელნაწერის მაგივრობას სწევს. გამოცემას ახლავს შენიშვნები და ვარიანტები,
აგრეთვე დამატებანი, აპოკრიფები და ,,ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებანი.
,,ქართლის მოქცევის“ ტექსტი მან გამოსცა X საუკუნის
ხელნაწერის მიხედვით, ე.წ. ,,შატბერდის კრებულისა“. ამას უნდა დავსძინოთ ,,სუმბატ დავითის
ძის ქრონიკის“ გამოცემა, აგრეთვე ,,ხელმწიფის კარის გარიგების“ ტექსტის გამოცემა და
სხვა. სალიტერატურო ძეგლებიდან აღსანიშნავია
„ბალავარიანის“ გამოცემა 1895 წელს. ასევე
უნდა აღვნიშნოთ ე. თაყაიშვილის მიერ გამოცემული: „კათალიკოს–ბაქარიანი“, „მელის
წიგნი“, „თიმსარიანი“ და სხვა. წარწერა რამდენი გამოსცა ბატონმა ექვთიმემ ამას ხომ
ვერ მოსთვლის კაცი! საკმარისია დავასახელოთ , მაგალითად, ხუთ წიგნად რუსულ ენაზე გამოსული „Археологические экскурсии, разыскания и
заметки“. აგრეთვე მისი „არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები იმერეთსა და სამეგრელოში“
ქართულად, აგრეთვე „ ექსპედიციის შედეგები სამხრეთ საქართველოს პროვინციებში“, რომელიც
მან 1917 წელს მოაწყო.
1918 წელს რომ უნივერსიტეტი დაარსდა ივანე ჯავახიშვილის
მეთაურობით, ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ–ერთი მისი დამაარსებელთაგანი.
1921 წელს მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან საფრანგეთში
გაიტანა ძვირფასი ხელნაწერები და სხვა სამუზეუმო ნივთები. ექვთიმე თაყაიშვილი თან გაჰყვა
ამ ეროვნულ განძს მცველად და ფხიზლად იცავდა
მას წლების განმავლობაში. ბატონი ექვთიმე რომ
არა, ვინ იცის , რა მოუვიდოდა ამ სიმდიდრეს!
1928
წელს გიორგი ახვლედიანი და მე ვიყავით ინგლისში, სადაც აგვისტოს ბოლოს, ოქსფორდში მოეწყო ორიენტალისტთა
მე–17 საერთაშორისო კონგრესი, რომელზედაც ჩვენ
წავიკითხეთ მოხსენებანი. სამშობლოში დაბრუნებისას გამოვიარეთ საფრანგეთზე და პარიზის
ერთ კაფეში ვნახეთ ჩვენი ძვირფასი ექვთიმე. გადავკოცნეთ ერთმანეთი და ტკბილად ვისაუბრეთ,
ბატონმა ექვთიმემ გვთხოვა, როგორმე მოგვეხერხებინა სამუზეუმო ნივთების დაბრუნება საქართველოში.
ჩემი მეორე სიკვდილი იქნებაო, გვითხრა მან ცრემლებით, რომ ეს ნივთები საქართველოს არ
დაუბრუნდესო. ამ ნივთებს ბევრი
ეპოტინებოდა, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი ფხიზლად იცავდა მათ. მათი დაბრუნება მხოლოდ
1945 წელს მოხერხდა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი დე–გოლი მოსკოვს ეწვია და იოსებ სტალინმა იგი დაითანხმა, რომ ჩვენი ეროვნული
განძი დაებრუნებინა. ექვთიმე თაყაიშვილი თან წამოჰყვა ამ განძს კაიროზე გამოვლით...
ექვთიმე თაყაიშვილს ბოლომდე შერჩა კარგი მეხსიერება, კვლევა–ძიების წყურვილი,თანაც დიდი იმედი ჩვენი წინსვლისა და ეროვნული მეობის შენახვისა და განვითარებისა.
გარდაიცვალა ბატონი ექვთიმე , დიდი მოჭირნახულე ქართველი
ერისა 1953 წელს, 21 თებერვალს და დავასაფლავეთ
ახალი ვერის სასაფლაოზე.
გავიდა 10 წელი ექვთიმეს გარდაცვალებიდან და 1963 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების
100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი გადავასვენეთ დიდუბის პანთეონში.სასიამოვნოა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ეწოდა მისი სოფლის ლიხაურის საშუალო სკოლას.
ასეთია, მოკლედ , ცხოვრება და ღვაწლი დიდი ქართველი ექვთიმე თაყაიშვილისა.
წყარო: ჟურნალი ,,მნათობი“, თბილისი, 1981 წ., № 12
სამხრეთ საქართველოში
ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად
უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა
იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული
ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი
ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ
თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ არ
გვექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერა, დეტალური მასალა ისეთი ბრწყინვალე
ქართული ძეგლებისა, როგორიც არის ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა და სხვა, რომლებიც თურქეთის
მიწა– წყალზე მდებარეობენ... და მათი ნიმუშები, ფრესკების ასლები, აღწერანი და დეტალები
ექვთიმე თაყაიშვილის თქმით „ერთ მუზეუმს ეყოფოდა“!
1917 წლის ექსპედიციამ, რომლის წევრები გახლდათ: ინჟინერ–არქიტექტორი
ა.ნ. კალგინი, მხატვრები დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი, პოეტი ილია ზდანევიჩი
და მე, ბატონ ექვთიმეს უშუალო ხელმძღვანელობით, გადმოვიღეთ ფრესკების ასლები, ტაძრების
გეგმები და ჭრილების ნახატები. გაკეთდა მულაჟი მათი ბარელიეფისა და ა.შ.
ყველაფერი ჩამოვიტანეთ თბილისში და დღეს მუზეუმის საკუთრებას შეადგენს.
ექსპედიციამ ზუსტად გაარკვია, დაადგინა ტაძრების, ეკლესიების,
ციხეების სახელწოდებები და ადგილმდებარეობა, რაც აღნიშნულ ექსპედიციამდე უცნობი და
შეუმოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისათვის.
ჩვენ ვმუშაობდით ყარსის, არტაანისა და ოლთისის ვრცელ არეში. აქ მდებარე ძეგლთა შორის არიან ჩვენი ხუროთმოძღვრების შედევრებიც – იშხანი, ხახული, ოშკი, ბანა, ოთხთა ეკლესია და პარხალი. ამ დაიუღალავი მეცნიერის წყალობით, დაზუსტდა მათი შექმნის თარიღები, დეტალურად გაირკვა მრავალი წარწერა, დადგინდა მოხსენებულ პირთა ვინაობა და სახელები, ცხადი გახდა მათი დიდი მნიშვნელობა და როლი საქართველოს კულტურის ისტორიაში.
უზომო სიყვარულისა და სიხარულის გრძნობით ვიგონებ ბატონ
ექვთიმესთან მუშაობის დროს. ამ დიდად განსწავლული მეცნიერის გული აღსავსე იყო სამშობლოსადმი
უსაზღვრო სიყვარულით, ქართველი ერის შემოქმედებითი ენერგიისა და პოტენციის ძველი კულტურის
გამოვლენის სურვილით.
მე და მიხეილ ჭიაურელი დავფოფხავდით ამ ძეგლებზე, მათ
ნანგრევთა კედლებზე, იქვე ჩვენ ახლოს იდგა ექვთიმე და გაფაციცებით მოგვძახოდა:
– ყმაწვილებო! კარგად დააცქერდით
ქორონიკონებს! თარიღის აღმნიშვნელ ასოებს, ზუსტად ამოიკითხეთ ყოველი მათგანი! – თვითონაც
როგორც „ქორონიკონი“ იდგა, დურბინდით ათვალიერებდა ამ ნიშნებს და გვკითხავდა, – მიშა,
ლადო, ახლოს მიდით წარწერებთან, სათითაოდ მიკარნახეთ! – ჩვენ წარწერებთან უფრო ახლო,
უფრო გაბედულად მივფოფხდებოდით, ხმამაღლა ვუმეორებდით ყოველ ნიშანს და ვერ წარმოიდგენთ,
როგორ აღფრთოვანდებოდა, როცა ჩვენი ნათქვამი მის მიერ ნავარაუდებს დაემთხვეოდა.
მას საოცარი მეცნიერული
წვდომა ჰქონდა, ძველი წარწერების წაკითხვის შეუდარებელი უნარი. უმრავლესობას იქვე,
გადმოღებისთანავე, კითხულობდა, ზოგს უფრო რთულს, სადგომში მისვლისას. ჩვენ, ახალგაზრდები,
ვისვენებდით, იგი კი უჯდა საქმეებს, ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია ნაპოვნი
რამ ამოუკითხავი.
თუ რაიმე ახალს, მნიშვნელოვანს
ამოიკითხავდა, ხოლო აქ ყველაფერი ახალი იყო, დღისით იქნებოდა ძეგლზე თუ ღამით, დასვენებისას...
ახალგაზრდულად წამოვარდებოდა, ქაღალდს დროშასავით ააფრიალებდა, აღფრთოვანებით შესძახებდა:
– აღმოჩენაა!... ახალი აღმოჩენა!
ჩვენც ვიზიარებდით სიხარულს, ვიცოდით, ჩვენი ისტორიის ახალი, უცნობი
ფურცელი იშლებოდა, ჩვენც გვედებოდა მისი აღფრთოვანება: აღარც ჩვენ ვიზოგავდით თავს.
ვცოცავდით კლდეებსა და დანგრეულ კედლებზე, ვიღებდით, ვიწერდით, ვხატავდით, ვეგულისხმებიდით
ყველაზე უფრო „ექვთიმეს სამყაროს“!
მცოცავთა შორის, ყველაზე „აკრობატი“ ილია ზდანევიჩი გამოდგა; ყველაზე მუყაითი, მუდამ დაუღალავი დავით შევარდნაძე იყო... ექსპედიციის მთავარი მხატვარი, კედლის მხატვრობის კარგი მცოდნე. კეთილი მექართულე და ქართული ძეგლების მოტრფიალეც.
ჩემი ექსპედიციაში წაყვანაც,
სწორედ დავით შევარდნაძის მეშვეობით მოხდა.
ყველაზე ხალისიანი და
მუდამ დაუცხრომელი ხომ მიხეილ ჭიაურელი იყო. ერთხელ მახსოვს, ჩუმად მინარეთზე აძვრა
და „მრევლი“ უდროო დროს „ალოცა“.
რუსეთ–თურქეთის ომი ჯერ
კიდევ მძვინვარებდა. ფრონტის ხაზი, ხშირად, არც თუ ისე შორს იყო ჩვენგან. ცისარტყელების
ნაცვლად, მძიმე არტილერიის უხილავი ყუმბარები
და ხმა გადაგვივლიდა. ამ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით ჩანდა დაუცხრომელი ზრუნვა ჩვენი
ექსპედიციის მომმარაგებლისა, თარჯიმანისა და ტრანსპორტის გამრიგებლის ალექსანდრე ციციშვილისა,
ჩვენი ქვეყნისა და ძეგლების გულდაგული პარტნიორისა.
დანარჩენებს არ შევეხები,
მათი მოღვაწეობა და ღვაწლი ცნობილია.
ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება
დასტოვეს იქ ნანახმა ძეგლებმაც და ადამიანებმაც, თითქმის ყოველ ხურთომოძღვრულ დიდ ნაშთთან
გვხვდებოდნენ გაწამებული ადამიანები, ქართულად შემოგვხაროდნენ და შემოგვტიროდნენ.
ერთი წყაროსთნ, ბიბლიურ
წლისა და სახის მცხოვანი უძრავად იწვა. სიბერისაგან ფეხზე ვეღარ დგებოდა, მხოლოდ იცრემლებოდა
და ჩურჩულებდა:
– წყალი ივლის, ივლის... თავის ნაგუბარში ჩადგება!
ერთიც შევამჩნიე. სამხრეთ ქართველებს – ძველი ტაძრების,
ქართული კულტურის კერების გავლენა, მიუხედავად სრული გამაჰმადიანებისა, ახლაც ეტყობოდათ.
კრძალვა და რიდი მაინც ჰქონდათ მამა–პაპური სალოცავებისა. ქალებიც მაინცდამაინც თავს
არ უდებდნენ ჩადრს. ჩვენ ვთხოვეთ და ყველამ ადვილად გადაიხსნა, სახე დაგვანახა, სურათიც
კი გადაგვაღებინა... ჩვენ წინაშე კვლავ გაბრწყინდა ქართული ჯიშის დახვეწილობა და სილამაზე.
ძეგლთა უხვ სამკაულებს შორის ჩამრჩა
ხახულში ნანახი, ქვაში ტვიფრული სიმბოლო – ქართული ფასკუნჯი – მუდმივი აღორძინების
იდეა.ეს კლასიკური ნიმუში ნოტრ–დამის ქიმერების შემოქმედებასაც
შეეხარბება!
საერთოდ ჩუქურთმების, შემკული სვეტებისა და კვარცხლბეკების,
გორელიეფების, ფერად–სხივური წყობისა და კამარების მთელი ქართული შემოქმედური გულუხვობა
არის წარმოდგენილი.მაგონდება ერთი შემთხვევაც, ოშკში წმინდანების გორელიეფები
ვნახეთ. ერთ–ერთს თავი აკლდა.
ქვევით, კედლის ძირში, ნამსხვრევების გორა ეყარა. დავძებნე
და წმინდანის თავს მივაგენი. მივაზომე და სწორად ჩაჯდა. ექვთიმე თაყაიშვილმა გულმხურვალედ
გადამკოცნა.
– მთლიანობის აღდგენა, უძნელესი და უკეთილშობილესი შემოქმედებაა!
შენ თითქოს იმედი გამიმთელე!
ჩემი მოხვედრა ექსპედიციაში განსაზღვრა იმ ლტოლვამ,
რომელიც მეც სიყრმიდან მამოქმედებდა. – ყველგან ქართული ძეგლებისა და კედლის ნახაზებს
შორის ვეძებდი „მხატვრულ ქართულობას“ და ეს მით უფრო სამხრეთ საქართველოში იყო საძებარი.
ჩემი ცხოვრების რთული და ეკლიანი გზით უკმაყოფილო მაინც
არა ვარ. ამ შემთხვევაშიც მე, ახალ სამყაროს გარემოში აღმოვჩნდი, რომლის კარი პირველად
ჩაკეტილი დამიხვდა. მაგრამ ცნობისმოყვარეობითა და სითამამით აღჭურვილმა, უკან აღარ
დავიხიე. დიდი იყო მშობლიურობა და ცდუნება ამ ფანტასტიკური საიდუმლოების გაგებისა.
ვიგრძენი თუ არა მისი სიდიადე, ამ ეროვნული კულტურის
საუნჯის სიღრმეში უმალვე ჩავიძირე. ჩემი მხატვრული შემეცნების წინაშე გადაიშალა საოცარი,
ფერწერული ხილვებით აღსავსე სამყარო. ამ კედლების მხატვრობამ დამატყვევა სურათოვანების
ორიგინალობით, მაღალი ხატოვნების თავისებურებით, მეტად ინდივიდუალური წყობის მქონე
სტილით. ფრესკები გასაოცარი ჰარმონიით ერწყმოდნენ ტაძრის არქიტექტურას, ნაგებობათა
მთელ ანსამბლს, ასევე მთელ გარემოს.
ამ უბრწყინვალესი მხატვრობის თემები, უმთავრესად სასულიერო
ხასიათისა იყო. უნატიფეს და ულამაზეს წმინდანებს მზექალების და მზევაჟების სახეები
ჰქონდათ. რა ძალით გვიცქეროდნენ ღვთისმშობელი და მისი დობილები, მათ სურთ ავს აგვაშორონ.
აგერ მზეჭაბუკი თეთრ ბედაურზე, იგი საქართველოს მცველი და მფარველი უნდა იყოს. ამ პერსონაჟებს
საოცარი მიმზიდველობის ძალა აქვთ, მათი კეთილშობილება გხიბლავს, მზად ხარ მათ მიენდო,
ისინი გიჯერებენ, რომ ქართველი ერის შემოქმედებითი გენია არ გაჰქრება.
უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი
ძეგლები, თითქოს უპატრონონი, საუკუნებრივ ძილსაც კი მისცემიან, მაგრამ თითქოს ისინი
მშობლისა და მფარველის განუწყვეტელ ლოდინში იყვნენ, ალერსს ითხოვდნენ, იქნებ ჟამთა
სვლა და სიავე ფერფლად ქცევასაც კი უქადდა, მაგრამ ჩვენ დროულად შევაღეთ ამ ტაძრების
საუკუნეთა მანძილზე დახშული კარები, ძველი შემონახული ბგერებისა და ხმების პირველწყაროს
საკვირველი ძალით წვდებოდა ჩვენი ინტუიცია, გრძნობდა ჩვენი გულისყური. ჩვენც ყველანი
„ექვთიმოსნები“ გავხდით!
ამ ფრესკებში მე დავინახე საუკუნეობრივი განძი და უკვდავება.
კომპოზიციებმა, სცენებმა და პერსონაჟებმა ამ კედლებზე, ასე მაღალ მხატვრულად წარმოდგენილმა,
ჩემს ფიქრებში აღადგინეს და გააცოცხლეს ძველთაძველი ეპოქები, მრავალსაუკუნოვანი სანახაობები.
მე გატაცებით ვეწაფებოდი იმ დიდი ადამიანების მიერ დატოვებულ გენიალურ ქმნილებებს,
რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ადამიანთა ბედნიერებას.
ამ ფრესკებში გენიოსთა
მიერ გარდაქმნილი სამყარო, ჰარმონიულად შერჩეულ ჭეშმარიტებასა და სიმართლეზე ააგეს,
ავთა და უგუნურთა დასაგმობად.
- რა
დიდი ნეტარება განმაცდევინა ამ მშვენიერების გარემოში ხანგრძლივად ყოფნამ! ხოლო მის
სულიერ გავლენას მარადჟამსა ვგრძნობ!
რა შეიძლება მოგვცეს ამ მხატვრობამ, ან რით შეიძლება დაეხმაროს ეს კულტურის ტრადიციები ჩვენს დღევანდელ სახვითი ხელოვნების მუშაკებს?
რა შეიძლება მოგვცეს ამ მხატვრობამ, ან რით შეიძლება დაეხმაროს ეს კულტურის ტრადიციები ჩვენს დღევანდელ სახვითი ხელოვნების მუშაკებს?
ჩვენი დღევანდელი მხატვრობის გზები ძალიან რთული და
საკმაოდ მიხლართულ–მოხლართულია.
ფიქრობენ, რომ რენესანსის ეპოქამ სავსებით ამოსწურა აკადემიური სკოლების შესაძლებლობანი.
ევროპულმა მხატვრებმა ლუვრის მუზეუმის ირგვლივ რკინის გაუვალი კედელი აღმართეს, რათა
იქით არ გაეხედათ. მტკიცებას არ საჭიროებს არც ის ფაქტი, რომ ლეონარდო და ვინჩიმ მაქსიმალურად
გამოიყენა გონების ძალა და რესურსები. მაშ რა გზას ეწიოს თანამედროვე ხელოვანი ამ ცივილიზაციაში,
როდესაც ასე მოჭარბებულია მეცნიერული აღმოჩენები. გაძლიერებულია ტექნიკა, მექანიზებულია
მთელი ჩვენი თანამედროვე ცხოვრება. სად და როგორ ეძიოს ახალი სასიცოცხლო საშუალებანი?
რა თქმა უნდა, დიდ შემოქმედს მუდამ დიდი შინაგანი იდუმალი ძალა გააჩნია. ჩემი წინაპრები,
რომელთა ქმნილებების წინაშე მე ამ ტაძრებში უტყვი ვიდექი, ვხედავდი, რომ ისინი თავის
გენიალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ გრძნობითა და ინტუიციით ნაკარნახევი ხერხებითა და საშუალებებით.
ეს მაღალი პრინციპი, ჩემის აზრით, გასდევს და უდევს საფუძვლად „მხატვრულ ქართულობას“.
ამ კედლის მხატვრობის ნახვა და შესწავლა, აგრეთვე დამეხმარა
იმის დადგენაში, თუ რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს სტილი, ან რაშია სირთულე.
როგორც ცნობილია, სტილი ესა თუ ის მანერა, რომელსაც ხელოვანი იყენებს თემის სიუჟეტის,
იდეის ხორცშესასხმელად. მანერაში, რა თქმა უნდა, შედის ხელოვანის ნატურის, ტემპერამენტის,
ხასიათის, ეროვნული თავისებურებების პიროვნული ნიშნები. სტილში ნათლად გამოსჭვივის
პიროვნების შემოქმედებითი პროცესის დინება, მისთვის დამახასიათებელი ტემპი, რიტმი,
აღტყინების, მღელვარების, თავშეკავების ძალა, ხელოვანის მხატვრული მეტყველების მრავალმხრივობა
და მრავალფეროვნება. მე მჯერა, რომ არა მარტო ხილული და უხილავი ინდივიდუალური თვისებები
ან სულიერი შეხება რომელიმე კონკრეტულ ფაქტთან ქმნის სტილს, არამედ ყველაფერი ის, რაც
შეადგენს ინდივიდუმის შინაგან სულიერ სისტემას.
ჩემი მხატვრული სტილის ჩამოწრთობაში, ქართულმა ფრესკამ,
რომელიც მე მშობლიურ პირველწყაროდ მიმაჩნია, კეთილი, სულიერი ხელი დამადო.
ხახულის ტაძარში მოხდა ჩემი პირველი შემოქმედებითი შეყრა
ფრესკასთან. აქ, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით, გავაკეთე კედლის მხატრობის ასლი „იერუსალიმში
შესვლა“ საკმაოდ დიდი ზომისა. გარდა ამისა, მე გადმოვიღე პირები „ქრისტეს ფიგურისა“
და რამდენიმე წმინდანის მთლიანი კომპოზიციური პორტრეტი.
ახლა ჩემს გონების თვალწინ, დიდი ფრესკად აღმართულა
წარსულის იმედიანი მწიგნობარი – თვით ექვთიმე თაყაიშვილი.
წყარო: ჟურნალი ,,ძეგლის მეგობარი“, XIX კრებული, თბილისი, 1969.
ვახტანგ ბერიძე
ექვთიმე თაყაიშვილის დაბრუნება
მინდა გავიხსენო
ერთი ყოველმხრივ ღირსსახსოვარი ამბავი ექვთიმე თაყაიშვილისა და ევროპაში გადატანილი
ქართული განძის დაბრუნებისა საქართველოში. ეს მოხდა 1945 წლის 11 აპრილს.
ექვთიმე
თაყაიშვილი და ჩვენი ეროვნული განძის ჩამოსატანად გაგზავნილი პირები: შალვა ამირანაშვილი და პეტრე შარია
კაირო–თეირანის გზით ჩამოფრინდნენ. ბატონი ექვთიმე სასტუმრო ,,თბილისში“დააბინავეს.
მამაჩემი (ვუკოლ ბერიძე) იმავე საღამოს წავიდა მის სანახავად და თან წამიყვანა. თუ მამა და მისი თაობის
ადამიანები მას ადრე იცნობდნენ, ჩემი თაობისთვის
ექვთიმე ლეგენდარული პიროვნება იყო, ისეთივე შარავანდით მოსილი, როგორითაც ძველი საქართველოს
დიდი მოღვაწენი – გრიგოლ ხანძთელი და მთაწმინდელები.
ვისაც საქმე
აქვს საქართველოს წარსულთან, მის ისტორიასთან, მწერლობასთან, ნივთიერ კულტურასთან,
ხელოვნებასთან, ის თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე ხვდება თაყაიშვილის სახელს და შემდეგაც
ფეხს ვერ წაადგამს მისი ნაშრომების მოუხმობლად. ძნელი წარმოსადგენიც არის, როგორ შეძლო
ერთმა ადამიანმა იმდენი რამ გაეკეთებინა, რამდენიც მან გააკეთა, როგორც მკვლევარმა,
სიძველეთა შემკრებმა და მომვლელმა, საბუთების
გამომცემელმა, მეცნიერების ორგანიზატორმა, საზოგადო მოღვაწემ.
მე გულისფანცქალით
შევედი მის ოთახში. კორნელი კეკელიძე და გიორგი ახვლედიანი მოვიდნენ . გადაგვეხვია,
დიდხანს გვკოცნიდა...
– საარაკოა
ჩვენი გადარჩენა, საარაკო... რამდენი რამე გადავიტანეთ, რამდენჯერ დაღუპული მეგონა
ყველაფერი. განსაკუთრებით ომი რომ დაიწყო, მის შემდეგ. – ეს იყო მისი პირველი სიტყვები.
მეორე დღესვე
ესტუმრა საქართველოს მუზეუმს არმაზში აღმოჩენილი ნივთების სანახავად. მთელი მუზეუმი
ფეხზე იდგა. ყველანი გაფაციცებით უსმენდნენ. ზოგს ცრემლები მორეოდა. ბატონი ექვთიმე
ჩამოსვლისთანავე ჩაერთო აქტიურ საქმიანობაში. ყველაფერი წინანდებურად აინტერესებდა,
ყველაფერი ახსოვდა – ყოველი წვრილმანი.
რა თქმა
უნდა, ქართულ სიძველეთა დაბრუნება და ბატონი ექვთიმეს ჩამოსვლა უმთავრესი სასაუბრო
თემათაგანი იყო საზოგადოებაში. ბუნებრივია, მეცნიერი ძალიან პოპულარული გახდა, მის
ნახვასა და მოსმენას ყველა ნატრობდა. ამიტომაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
დარბაზში დაინიშნა მისი საჯარო ლექცია. გადავწყვიტე, ადრე მივალ–მეთქი, მაგრამ აკადემიის
შენობას რომ მივუახლოვდი, ქუჩა უკვე სავსე იყო ხალხით. შენობაში ვეღარ შეხვიდოდი –
კიბე, დერეფნები, დარბაზი სავსე იყო. ძალიან დავღონდი, რაკი დარბაზში შეღწევის იმედი
არ მქონდა. სწორედ ამ დროს ჩემ წინ გაჩერდა ბატონი ექვთიმეს მანქანა. სწრაფად გავაღე
მანქანის კარი, ფრთხილად გადმოვიყვანე, მკლავი მკლავში გამოვდე და ასე გავემართეთ კიბისკენ.
ხალხმა გზა მოგვცა და ნელ–ნელა ავაღწიეთ დარბაზამდე. იგი პრეზიდიუმში ავიყვანეთ, მეც
გვერდით მივუჯექი – სანამ ლექციებს დაიწყებს, იქნებ რამე დასჭირდეს–მეთქი, მაგრამ ლექციის
დაწყება შეუძლებელი იყო: დარბაზი გაიჭედა, დერეფნებში დარჩენილებიც ცდილობდნენ შემოსვლას,
საშინელი ხმაური იყო. იმ დღეს ლექციის ჩატარება აღარ მოხერხდა, მეორე დღისთვის გადაიდო
და კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა.
წყარო: გამოჩენილ
ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები, თბილისი, 2008
დურმიშხან ცინცაძე
***
(ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვა)
ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ამ შეუდარებელი მამულიშვილის დაკრძალვა და მასთან გამომშვიდობება მისმა მშობლიურმა ერმა ისე ვერ მოახერხა, როგორც მას ეკადრებოდა. ნიკოლოზ რუხაძის აგენტები ყოველ ღონეს მიმართავდნენ, რათა რაც შეიძლება ცოტა ხალხი მისულიყო მის დაკრძალვაზე. ისინი დაძრწოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებში და ხალხს აფრთხილებდნენ, რომ დაკრძალვაზე არ მისულიყვნენ. როგორც ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფი პროფესორი იოსებ მეგრელიძე წერს: სასაფლაომდე 48 კაცი მივყევით, სხვა პროფესიათა დამსწრენიც შემოგვიერთდნენ და ბევრი გავხდით"....
აი, რა გვიამბო ამ ფაქტის შესახებ ქალბატონმა მარიამ ლორთქიფანიძემ:
ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვის წინა დღით, 23 თებერვალს ისტორიის ინსტიტუტში მოვიდნენ ორგანოს თანამშრომლები და ინსტიტუტის თანამშრომლები კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რათა არც ერთი ჩვენგანი არ დავსწრებოდით ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის დასაფლავებას. დაკრძალვის დღეს იყო ცუდი ამინდი, სიცივე, ქარი და თოვლჭყაპი. დაკრძალვაზე ისტორიის ინსტიტუტიდან წავედით ოთხნი: მე, ტარიელ ჩუბინაშვილი, ოთარ ჯაფარიძე და ნიკო ქანთარია. ვაშლოვანის ქუჩაზე ჩვენთან მოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ლამაზად გამოწყობილი პიროვნება და ასე მოგვამრთა: ,,Молодые людиь вы отдали честь покойнему. расходитесь".
უამინდობის გამო ჩვენ შეიძლება შინ წავსულიყავით, მაგრამ ამ პიროვნების საქციელმა ისე გაგვაღიზიანა, რომ პროცესიას ბოლომდე გავყევით. ვინ იყვნენ ის თავდადებული ქართველები, რომლებმაც ბოლომდე პატივი მიაგეს ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს (ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 28 კაცი). აი ისინიც: ქრისტინე შარაშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე ბარამიძე, კორნელი კეკელიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ალექსანდრე ჯანელიძე, იოსებ მეგრელიძე, ვახტანგ ბერიძე, გიორგი ლომთათიძე, ნინო ღოღობერიძე, ჰაიდარ აბაშიძე, ვუკოლ ბერიძე, ალექსანდრე კალანდაძე, ცაცა ყურაშვილი–გავაშელისა, ლიანა დოლაბერიძე, ირინე წიტაიშვილი, ქსენია კამკამიძე–ლორია, ტარიელ ჩუბინაშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, ნიკო ქანთარია, გურამ ბარნოვი, ზურაბ კიკნაძე, გურამ რამიშვილი, ირაკლი რამიშვილი, ედიშერ გიორგაძე, კოტე ჩოლოყაშვილი... დაბოლოს იმასაც აღვნიშნავ, რომ რომ მაშინ ქართულ ეკლესიას ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის სულის სახსენებელი პარაკლისი არ გადაუხდია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე.
ბატონ აკაკი შანიძეს ექვთიმე თაყაიშვილის საფლავთან ხელში სჭერია მისი ახლად გამოსული სქელტანიანი მონოგრაფია და უთქვამს: ,,ძმაო ექვთიმე, შენ არც მიტინგი გჭირდება, არც ძეგლი, შენი ძეგლი შენი წიგნებია, ძალიან მწყდება გული, ცოცხალს რომ ვეღარ მოგისწარი ამ წიგნით"...
წყარო: ცინცაძე დურმიშხან, ექვთიმე თაყაიშვილის ნაკვალევზე, თბილისი, 2009.
No comments:
Post a Comment