კინომოთხრობა

 რეზო თაბუკაშვილი   

        საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი


     ქ ართველი ხალხის შენამოქმედი უცხო მიწაზეც არაერთხელ ქცეულა ღირსახსოვარ მოვლენად.
 დღეს ,,გრანპალედ” წოდებული პარიზის დიდი სასახლეა ჩვენი მასპინძელი.   
,,ოქროს ვერძის ქვეყნის – საქართველოს სიძველენი”, – ამჯერად ასეთი სათაურითაა მონათლული ,,გრანპალეს” საგამოფენო აფიშა…
      გამოფენის მომწყობი მადამ გაბორი სტუმრებს აცნობს ქართული კულტურის როლს მსოფლიო კულტურის დიდ საგანძურში.
         ქალბატონი გაბორიც იმეორებს უცხოეთის მეცნიერთა შორის უკვე საყოველთაოდ დამკვიდრებულ აზრს, რომ დასავლეთ ევროპისა თუ მახლობელი აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ხელოვნების სრულყოფილი განხილვა შეუძლებელია ქართული ხელოვნების შესწავლის გარეშე. და ბოლოს, გამოფენის დიასახლისი სტუმრებს უყვება გასაოცარ და ხიფათიან თავგადასავალს, – ქართულ საგანძურს რომ გადახდა ნახევარი საუკუნის წინ ფრანგულ მიწაზე, იმ საგანძურს, ახლა რომ ასე მშვიდობიანად ეწვია პარიზს.
    ბათუმი.
    1921 წელი…
   საქართველოს იმდროინდელმა ლტოლვილვა მთავრობამ გადაწყვიტა უცხოეთში გახიზნულიყო და სახელმწიფო ხაზინასთან ერთად თან წაეღო სამუზეუმო ეროვნული განძიც.
     ეროვნული განძის მეთვალყურედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი, სახელმწიფო ხაზინის გამყოლად კი – ყოფილი ფინანსთა მინისტრი იოსებ ელიგულაშვილი. 
      თბილისიდან ჯერ ქუთაისში და მერე ბათუმში რის ვაივაგლახით ჩამოტანილი განძი საფრანგეთის კრეისერ ,,ერნესტ რენანზე” დაბინავდა, მაგრამ კაპიტანმა პირობა დაარღვია, დანიშნულ დროზე ადრე ასწია ღუზა, განძის გამცილებლებს არ დაელოდა და კონსტანტინეპოლისაკენ გაეშურა. 
      ნავსადგურში მისულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თვალი ძლივს მოჰკრა უკვე შუა ზღვაში გასულ გემს… კატერით გამოეკიდნენ კრეისერს, მაგრამ ამაოდ. ისევ ნაპირზე დაბრუნდნენ და მოგვიანებით იუგოსლავიური პატარა გემით გაემგზავრნენ კრეისერის კვალდაკვალ.
      მალე ისეთი ღელვა დაიწყო, რომ კაპიტანმა გემის გადარჩენის იმედი დაკარგა და მგზავრებს გამოუცხადა, ,,მაშველი ფრთები” შეიბითო. ექვთიმეს წუხილი გაათმაგდა; ამ ღელვაში განძი ხომ საფრთხეშია და ვაითუ მგზავრობას ვერ გაუძლოს ნინომაც, - ექვთიმეს მეუღლემ, თან რომ მიჰყავს ახლა უცხოეთში.
       ღელვა დღენახევარს გაგრძელდა. ბოლოს დაცხრა და დამშვიდდა ყოველი…
       კრეისერი ,,ერნესტ რენანი” სტამბოლში დახვდათ, მაგრამ კავკასიაში საფრანგეთის უზენაესი კომისარის – აბელ შევალიეს – განკარგულებით ქართული განძი კრეისერიდან მეორე ფრანგულ სამხედრო-სატრანსპორტო გემზე ,,ბიენ ჰოაზე” გადაიტანეს. დიდ ბედნიერებად თვლის ექვთიმე, რომ მას მეუღლითურთ და იოსებ ელიგულაშვილს განძთან ერთად მგზავრობის ნება დართეს.
    ,,ბიენ ჰოა” საფრანგეთამდე გზას დიდ დროს მოანდომებს; – დავალება რთული აქვს: – მრავალი ნავსადგური უნდა მოიაროს, საფრანგეთისა თუ მისი მოკავშირეების დაჭრილი ჯარისკაცები და ავადმყოფები მოაგროვოს მარსელის ლაზარეთებში ჩასაყვანად…  
      მატარებლითა და გემებით თვენახევრის ნახეტიალებმა საუნჯემ ბოლოს მარსელის ნავსადგურს მიაღწია. განძი გემიდან ბანკში გადაიზიდა – ,,ენეგალის პოლკად” წოდებული სამხედრო რაზმით ალყაშემორტყმული და დაცული… ექვთიმე მეუღლითურთ პარიზს გაემართა.
   პირველი წელი ექვთიმემ ვიქტორ ჰიუგოს პროსპექტზე იმ შენობაში გაატარა, რომელსაც ქართული დელეგაციის ოტელს ეძახდნენ. პირველივე დღიდან, დღეჩაუგდებლად შეუდგა ექვთიმე თავისი ცხოვრების ფრანგული პერიოდის მოღვაწეობას. ხვდებოდა ფრანგ მეცნიერებსა და ანტიკვარებს, ხშირად აღამებდა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში...
  ექვთიმეს პარიზის არცერთი ტაძარი და მუზეუმი არ დაუტოვებია უნახავი და შეუსწავლელი. პირველი 13 წელი მშვიდობიან წლებად ითვლება, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი საფრთხე და ცდუნებაც გაჩნდა განძთან დაკავშირებით. ამერიკიდან ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მიმართა ემიგრანტულ მთავრობას, რომ ნება დაერთო, 6 თვით გამოეფინათ ამერიკაში ქართული სიძნველენი. ალბათ ამერიკელებისთვის მოულოდნელი იყო ქართველების უარი ასეთ თითქოსდა სახარბიელო წინადადებაზე. ქართული განძის გამოფენის უფლებას თხოულობდა ლუვრიც. დიდად საამაყო იქნებოდა მსოფლიო მუზეუმთა შორის უპირველეს მუზეუმში ქართული ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო გამომზეურება, მაგრამ ამით შეიძლება საქართველოს საბოლოოდ დაჰკარგოდა თავისი საუნჯე. და ლუვრმაც საბოლოოდ უარი მიიღო ქართველებისგან...ბრიტანეთის მუზეუმმა პარიზში გამოგზავნა ცნობილი ქართველოლოგი უილიამ ალენი. მუზეუმის თხოვნა თითქოს მოკრძალებული იყო და მაცდუნებელიც. მუზეუმს სურდა ახალგორის განძიდან ერთი რომელიმე ნივთის შესყიდვა. სანაცვლოდ პირობას იძლეოდნენ, რომ უსასყიდლოდ დასტამბავდნენ მთელი ჩვენი საუნჯის ფერად კატალოგებს და, გარდა ამისა, ბანკში მიბარებული განძის შესანახ თანხასაც თავად გადაიხდიდნენ. ბრიტანეთის მუზეუმის დესპანი ალენიც უარით იქნა ლონდონში გასტუმრებული. ახალგორის განძი - ჩვენს წელთაღრიცხვამდე შექმნილი საოცრება ჩვენი საუნჯის მშვენებად ითვლება დღესაც. ეს განძიც ჯერ კიდევ საქართველოში, ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა. ის შემთხვევით აღმოაჩინეს გლეხებმა ქსნის ხეობში, ერთმანეთში დაინაწილეს და ზოგი რამ გაყიდეს სხვადასხვა მხარეში. პირადად ექვთიმეს დაუღალავი ძიების წყალობით მოხერხდა ამ განძის თავიდან მიკვლევა, შეგროვება , გამოსყიდვა  და კავკასიის მუზეუმისთვის გადაცემა. 
      პარიზიდან ექვთიმე სოფელ ლევილში გადასახლდა. ამ სოფელში შეიძინა ქართულმა კოლონიამ ,,შატოდ" წოდებული შენობა და მცირე მამული. მალე ლევილის კერამ საკუთარი, ქართული სასაფლაოც გაიჩინა. ყველაზე დიდი ცდუნება გაჩნდა ყველა სხვა ცდუნებაზე ადრე, როცა პარიზში ჩამოვიდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმის დირექტორი, ამ განძში მეტად დიდ თანხას იძლეოდა, თუ ქართველები ჩვენს ტიხრულ მინანქრებს მიჰყიდდნენ მუზეუმს...
       დირექტორს უყოყმანოდ ეთქვა უარი...                                                                       
   ლაღობს პარიზი - ცდუნებებით სავსე ქალაქი. ამ უსასრულო დღესასწაულის შემხედვარე, სიდუხჭირეში ცხოვრობს ლტოლვილი კაცი, რომელსაც ერთ დღეს შეუძლია გახდეს უმდიდრესი  ადამიანი. იმხნად საფრანგეთის ნუმიზმატთა საზოგადოების დიპლომირებულ წევრს უძვირფასესი ნუმიზმატიკური კოლექცია აქვს, რაც მის პირად საკუთრებას შეადგენს. საკმარისია სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას შეელიოს, ერთბაშად გახდება დიდი თანხის მფლობელი. დაიწყება უზრუნველი ყოფა და მისი მშვენიერი ნინოც ღირსეულად ეზიარება გაფაქიზებულ ცხოვრებას. ვინ გაამტყუნებს? მაგრამ მას წმინდანობის მოწამეობრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია. მას ურჩევნია დილდილობით ისევ აძოვებდეს თავის მარჩენალ ფრანგულ თხას, რომლის რძე მისთვის და ნინოსთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობში.
       ათას ცხრაას ოცდათორმეტი წელი!
    ,,ჩემო ძვირფასო რაღა მოგწერო! გონებით მინდა დავმშვიდდე,მაგრამ გული არ მემორჩილება, ნინო აღარ მყავს!..." - სწერდა ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან თბილისში მეგობარს.
  1933 წელს ქართული ლეგაცია გაუქმდა, - საქართველოს ყოფილი მთავრობა არარსებულად გამოცხადდა. ოცდათოთხმეტი წლის მარტი. ქართულ საუნჯეს იმ დღეს დაემუქრა უდიდესი საფრთხე. 
    ცნობილი ქართველო მოჭადრაკის ანდრია დადიანის ძმას, ,,მინგრელსკით" წოდებულ სამეგრელოს მთავარს, ნიკო დადიანს, ვაჟის გარდა ასულიც დარჩა, - სალომე დადიანი - ობელენსკისა. 
    ემიგრაციაში მყოფმა სალომე დადიანმა, იმხანად უკვე ობელენსკის ქვრივმა, სარჩელი შეიტანა სენის დეპარტამენტის სასამართლოში. ის მოითხოვდა საფრანგეთში გატანილი ქართული საუნჯის იმ ნაწილს, რომელიც ერთ დროს მისი საგვარეულო განძი იყი. 
   ქართველებმა სასამართლოში წარადგინეს დამფუძნებელი კრების 1920 წლის დეკრეტი, რომლის ძალითაც თავად ნიკოლოზ მინგრელსკის მოძრავი და უძრავი ქონება საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა. ამდენად,სალომე ობელენსკაია ახლა თხოულობდა იმას, რაც უკვე ეროვნულ სამუზეუმე განძად იქცა.
     ობოლენსკაიას მიერ ამ პროცესის მოგება ნიშნავდა საქართველოს ეროვნული განძის მნიშვნელოვანი ნაწილის საბოლოოდ დაკარგვას. ექვთიმესა და სხვა ქართველთა სასიხარულოდ სასამართლომ იურიდიულ საბუთად ცნო ოცი წლის დეკრეტი და სალომე დადიანს უარი ეთქვა.... მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ამ საჩივარმა ფრანგებს გაახსენა მარსელში მიბარებული განძი, რომლის შენახვის თანხა გადაუხდელი აღმოჩნდა და სასამართლომ ქართულ განძეულს ყადაღა დაადო. საუნჯით დატვირთული ყუთები მარსელიდან პარიზში - საფრანგეთის ბანკს ჩაბარდა... რადგან ეს განძი ბანკში საქართველოს იმ მთავრობის სახელზე იყო შეტანილი, რომელიც არარსებულად გამოცხადდა, ქართული საუნჯე რუსეთის ყოფილი იმპერიის საკუთრებად იქნა მიჩნეული - და მისი გამგებლობა დაეკისრა ფრანგ მოხელეს პიერ ჟოდონს, რომელსაც უკვე ებარა  რუსეთის ეგრეთწოდებული ,,უპატრონო ქონება". 
    დაიწყო განძისთვის ბრძოლის ახალი და ურთულესი ჟამი. საჭირო იყო, რომ ექვთიმეს ჰქონებოდა რაიმე სახის რწმუნება, თუნდაც ფორმალური. 1935 წლის აპრილში მისი თხოვნით საქართველოს ყოფილმა მთავრობამ მიიღო დადგენილება... ,,ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს უფლება აქვს მიიღოს ის ზომები, რომელსაც საჭიროდ დაინახავს ამ ქონების დასაცავად, ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე თვითონ იქნება სრული პასუხისმგებელი აღნიშნული ქონების მეპატრონეთა და საქართველოს წინაშე".
   დაიწყო ექვთიმეს კარდაკარ სიარული თხოვნებითა და განცხადებებით. იცვლებოდნენ საფრანგეთის მთავრობები და იცვლებოდნენ ექვთიმეს განცხადებათა ადრესატებიც...        წერილებს გზავნის საქართველოში, ითხოვს საქართველოს ჩარევას და შუამდგომლობას. საქართველოდანაც ყველა ღონეს ხმარობენ დახმარებისათვის, მაგრამ განძის გადარჩენას პირი არ უჩანს. 
     ამ დროს ჰიტლერიზმი უკვე მზადდებოდა ევროპაში და მალე კიდეც დაიძრა ცეცხლით და მახვილით. საფრანგეთის რესპუბლიკა იძულებულია ომი გამოუცხადოს გერმანიას. იტალია ომს უცხადებს საფრანგეთს. პარიზი დღე-დღეზე ელის გერმანელთა შემოჭრას. დარღვეულია ყოველგვარი სულიერი წონასწორობა და ამ ამღვრეულ დღეებში ერთი ლტოლვილი ხეიბარი მოხუცი ნირშეუხრელად  განაგრძობს თავის მოწამებრივ ცხოვრებას - ეძიებს და პოულობს ქართულ ისტორიულ ნივთებს, თავად მშიერ-მწყურვალი რის ვაი-ვაგლახით ახერხებს მათ შეძენას ანტიკვარებისაგან, ემიგრანტი თანამემამულეებისაგან და ამდიდრებს ეროვნულ საუნჯეს, რომლის სამშობლოში დაბრუნების იმედი დღითი დღე ილევა და იწურება.
   ...ჰიტლერელები მოითხოვენ ქართულ განძს გერმანიაში გასატანად. ჟოდონი არწმუნებს მათ, რომ მან არ იცის განძის ადგილსამყოფელი. გერმანელები დახვრეტით ემუქრებიან ჟოდონს. ქართველებთან უკვე დამეგობრებული შესანიშნავი ფრანგი მოქალაქე პიერ ჟოდონის სახელით საიდუმლოდ უკავშირდება ექვთიმე თაყაიშვილს და ატყობინებს საუნჯეზე თავსდატეხილ ახალ საშიშროებას. პროფესორი ზურაბ ავალიშვილც თავგამოდებით არწმუნებს გერმანელებს, რომ ის ნივთები მხოლოდ საქართველოსთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და რომ ისინი სხვათათვის არავითარ ზოგად ფასეულობას არ წარმოადგენენ. და ბოლოს ჟოდონისა და ქართველების მიერ დიდად სარისკო გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად გამოიტანონ ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წაიღონ ვერსალში. 
   საკმარისი იყო გზად გერმანელთა პატრულები დაინტერესებულიყვნენ საბარგო ეტლის ტვირთით, საქართველოს სამუდამოდ დაეკარგებოდა მისი საგანძური და ჟოდონსაც დახვრეტა არ ასცდებოდა. აი აქ, ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდაფში ჩაზიდეს ყუთები და ქვაღორღიანი ნაგავი მიაყარეს... 
     გერმანელები განაგრძობენ ქართული განძის ძებნას, მაგრამ არც ერთ ქართველს არ გაუცია საიდმულო... 
    1944 წლის 19 აგვისტოს პარიზში იფეთქა აჯანყებამ. ამ აჯანყებაში არაერთი ქართველი იღებდა მონაწილეობას... 
 ...საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის აღდგა დიპლომატიური ურთიეთობა და პარიზში აღდგა საბჭოთა საელჩო. შარლ დე გოლი 1944 წლის 23 ნოემბერს განკარგულებას გასცემს ქართული განძეულის საქართველოში დაბრუნების შესახებ... მალე ექვთიმესთნ ერთად განძს ჩაიბარებენ თბილისიდან მივლინებული პეტრე შარია, შალვა ამირანაშვილი და პარიზის აეროდრომიდან აფრინდება ქართული საუნჯით დატვირთული 2 თვითმფინავი.
    განძს მცველებად გაჰყვებიან ყოფილი ტყვეები - თეიმურაზ შავდია და ნიკოლოზ მელაძე. 
       აღსრულდა!
    უკან დარჩა შვიდდღიანი გზა – შორი და მოვლითი: რომი, ბენგაზი, ქაირო და თეირანი. თვითმფრინავი მალე თბილისის აეროდრომზე დაეშვება. პარიზში, გამოფრენის წინ, ყველას ისეთი შთაბედჭდილება შეექმნა, რომ ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებდა... იფიქრეს, იქნებ ნინოს საფლავის მიტოვება ეძნელება, ანდა ის, რომ ღრმად მოხუცებულს პირველად მოუხდებოდა თვითმფრინავით მგზავრობა?! 
     ბოლოს ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა:  - ,,წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველიო" და მაშინღა მიხვდნენ, რომ ძველისძველ სამოსშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა საქართველოში ასე გლახაკივით ჩამოსვლა.
     გერმანელებისაგან გაძარცულ პარიზში შესაფერისი სამოსი ვერ უშოვეს და მხოლოდ გზად  - ქაიროში - შეუკერეს ტანსაცმელი...

 გაზეთი ,,ქართული ფილმი", 1993.

No comments:

Post a Comment