მკვლევარი


ახალი ქართლის ცხოვრებისათვის მასალების შემოკრებას და საქართველოს ისტორიის მეცნიერულად შემუშავების საქმეს ე. თაყაიშვილმა დასდო ისეთი ამაგი, რომ მისი ბადალი არც ერთ მოღვაწეს არ გაუწევია.

ნ. ბერძენიშვილი





ნიჭმა, ენერგიამ, სიბეჯითემ და სწავლისადმი უკომპრომისო ლტოლვამ, მოვალეობის მაღალმა შეგნებამ და სისპეტაკემ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი წარმოაჩინეს დიდ ქართველ მეცნიერად და უკვდავი სახელის საზოგადო მოღვაწედ, სხვა ხალხებისა და მათი ისტორიების გულწრფელ დამფასებლად. 
    
საქართველოს ისტორიის პირველწყაროების შეკრება-დაცვაში, მეცნიერულ აღწერა-გაშუქებასა და გამოცემაში ჩვენს მოღვაწეს ტოლი არ ჰყავს. ამას ისიც ემატება, რომ საზღვარგარეთ გატანილი ქართული სამუზეუმო განძეულობის იქ დაცვითა და არამცთუ დანაკლისით, არამედ შენამატითაც კი, სამშოლოში დაბრუნებით ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი არის ეროვნული გმირი.


ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობს ეწეოდა. ღვთისა და ერის სიყვარული ედო საფუძვლად მის ყოველ მოქმედებას. თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად ექვთიმე თვლიდა მასალების შეკრებას საქართველოს ისტორია–არეოლოგიისათვის. მეცნიერების რა დარგში არ უმუშავია მას – ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკა, ნუმიზმატიკა, ფილოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლინგვისტიკა, ხელოვნების ისტორია.


ისტორიკოსი - ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე მიხეილ წერეთელი აღნიშნავს: ,,ექვთიმე თაყაიშვილი დიდი შემკრებელი იყო ძველი საქართველოს მწერლობისა და ხელოვნების ძეგლთა, გაცილებით უფრო მეტის შემძენი ჩვენი ეროვნული საგანძურისათვის, ვიდრე  წინამორბედნი – დ. ბაქრაძე, მ. ჯანაშვილი, თ. ჟორდანია..."
ნ. მარი ამბობდა: ,,საფუძველი ყოველგვარი სერიოზული მუშაობისა ლიტერატურის დარგში არის კატალოგიზაცია ხელნაწერებისა"
პარხლის ოთხთავი

ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია, რომ   ,,პარხლის სახარება"    გადაწერილი იყო 973 წელს შატბერდში, წარჩინებული კალიგრაფის იოანე ბერაიას მიერ და შეწირულია მაშინ ახალდაარსებულ პარხლის მონასტრისათვის. ამიტომ ხელნაწერს თაყაიშვილმავე უწოდა ,, პარხლის სახარება"
 ასევე გამოიკვლია ისიც, რომ ,,შატბერდის კრებული", რომელსაც  თაყაიშვილამდე    IX ს–ის ძეგლად თვლიდნენ, გადაწერილი იოანე ბერაიას მიერ, ეკუთვნის X  და არა IX საუკუნეს. იმთავითვე გაირკვა, რომ პირველი ნაწილიც -,,მოქცევაი ქართლისაი"- X საუკუნეს ეკუთვნის.

ე. თაყაიშვილი ჩინებულად ერკვეოდა ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ვითარებაში, ღრმად წვდებოდა საუკუნეთა საიდუმლოებებში და ისე საფუძვლიანად მსჯელობდა მეფეთა და მათი წრეების შესახებ, რომ თითქოს თვითონ ყოფილიყოს იმათი თანამედროვე.
     
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ექვთიმეს მიერ 1908 წელს აღმოჩენილი და 1920 წელს გამოცემული  ,,ხელმწიფის კარის გარიგება"  
                                          
                                                
ხელმწიფის კარის გარიგება. თბ. 1920

 არქეოლოგი - ე. თაყაიშვილი არქეოლოგიც გახლდათ. იგი უმთავრესად ქართული ფეოდალური კულტურის ძეგლებს სწავლობდა, მაგრამ ადრინდელ, მიწისქვეშა არქეოლოგიასაც ემსახურებოდა და მათაც პროფესიულად იკვლევდა.
ე.თაყაიშვილი ბრძანდება ერთი პირველთაგანი კინტრიშის ხეობის არქეოლოგიურად შესწავლისა და მისი სათანადოთ შემფასებელიც.
ე. თაყაიშვილი სვანეთში, ექსპედიციის დროს
   საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საფუძვლიანმა ცოდნამ და ქვეყნის მხარეებში მოგზაურობამ, აღწერილობამ, არქეოლოგიურ-ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლამ ე. თაყაიშვილს საშუალება მისცეს შეესწორებინა უზუსტობანი და შეცდომებიც კი, რომელიც უკვდავი გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს გეოგრაფიულ აღწერილობაში ყოფილა შეპარული (ივ. ჯავახიშვილი ტ. VIII, გვ.     327).
ე. თაყაიშვილს წალკის უბანზე აღურიცხავს შემთხვევით ნაპოვნი ობსიდიანის დანები, ხელშუბისპირები და სხვა ნივთები და გამოუთქვამს მოსაზრება, რომ აქ უნდა ყოფილიყო ობსიდიანის ნაკეთობათა მთავარი სახელოსნო.  
1896 წელს მოსკოვის საარქეოლოგო საზოგადოება ე.თაყაიშვილს ავალებს კოლხეთის ნაქალაქარ ვანში გათხრების წარმოებას.
მცხეთა ექვთიმეს მუდამ ყურადღების ცენტრში ჰქონდა. 1902 წელს ე. თაყაიშვილს რკინიგზის სადგურიდან დასავლეთით სამ კილომეტრზე 53 ქვის სამარხი გაუთხრია და ქვითკირის შენობის, საღვინე ქვევრებისა და სხვათა ნაშთებისათვის მიუგნია.

 1910 წელს ე. თაყაიშვილმა გათხრები ჩაატარა საჩხერეში, 1912 წელს – ბორჯომის ხეობაში. ე. თაყაიშვილმა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს სთხოვა, მაშინდელი მთავრობისგან მიეღო ნებართვა,  გაეთხარა თამარ მეფის საფლავი გელათში. ეს გათხრა 1920 წლის 29 აპრილს მოხდა.
გიორგი ჩუბინიშვილი დიდად აფასებდა ე. თაყაიშვილის ნაშრომებს ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში და მანვე ექვთიმეს უწოდა ,,ქართველ არქეოლოგთა ნესტორი"


რუსეთის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ ოქროს მედლით დააჯილდოვა ე. თაყაიშვილი


წყარო: მეგრელიძე იოსებ, ექვთიმე თაყაიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი, 1989.                        


ქართული მწერლობის მკვლევარი - ე. თაყაიშვილი იყო ფართო პროფილის ქართველოლოგი, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია ძველი ქართული მწერლობის, უმთავრესად ძველი ქართული საერო-მხატვრული მწერლობის შესწავლის საქმეს.
კლასიკური პერიოდის მწერლობიდან ე. თაყაიშვილს აღწერილი და მიმოხილული აქვს ვეფხისტყაოსანი, აბულმესიანი, თამარიანი და ამირანდარეჯანიანი. მკვლევარმა შეისწავლა ვეფხისტყაოსნის მაშინ ცნობილი ყველა ხელნაწერი. ე. თაყაიშვილმა პირველმა დაადგინა, რომ ვეფხისტყაოსნის ჩვენ დრომდის მოღწეული არც ერთი ხელნაწერი არ არის XVII საუკუნის პირველ ნახევარზე უფრო ძველი და რომ ყველა ხელნაწერს აქვს ჩანართები და დანართები.
,,ვეფხისტყაოსანი" ხელნაწერთა ეროვნული ცენრტრი
     ე. თაყაიშვილმა მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო თავის აღწერილობაში როსტომიანსა და იმის ციკლის ტექსტებს. აღწერილობაში ამომწურავი სისრულითაა მოყვანილი ისტორიულ-ლიტერატურული ხასიათის ყველა ცნობა როსტომიანზე - როგორც ამ ძეგლის შემცველ ხელნაწერებში, აგრეთვე სხვა თხზულებებში (შაჰნავაზიანში, ომაინიანში, არჩილიანში).
  
ე. თაყაიშვილმა გამოავლინა ე.წ. აღორძინების პერიოდის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნათარგმნი ძეგლი იოსებ-ზილიხანიანი. მან აღწერა ამ ძეგლის შემცველი უნიკალური ხელნაწერი. დაასაბუთა, რომ ხელნაწერი ეკუთვნის XVI საუკუნეს.
 განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ე. თაყაიშვილს ქილილა და დამანას ქართული ვერსიის შესწავლის საქმეში. მან საუცხოოდ აღწერა ქილილა და დამანას ქართული თარგმანის ერთი უცნობი ვერსია. მან დაამტკიცა, რომ ამ ტექსტის პირველი ნაწილი გადმოუთარგმნია კახეთის მეფე დავითს, თეიმურაზ პირველის მამას, ხოლო თარგმნა დაუსრულებია ვახტანგ VI–ის დავალებით ორ უცნობ პირს.
დიდი გულმოდგინებით, სისრულით და სიზუსტით აქვს ე. თაყაიშვილს აღწერილი არჩილის ხელნაწერები, ვახტანგ VI–ის თხზულებანი და სხვა. მის მიერვე გამოვლენილი და აღწერილი საუკეთესო ნუსხების მიხედვით ე. თაყაიშვილმა გამოსცა ქართული მწერლობის რიგი მნიშვნელოვანი ძეგლი. ასეთებია: სიბრძნე ბალავარისი ( თბილისი. 1895), კათალიკოზ-ბაქარიანი (თბილისი,1895), მელის წიგნი (თბილისი, 1899), თიმსარიანი (თბილისი,1903), 
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომებს ძველი ქართული საერო ლიტერატურის საკითხებზე არ დაუკარგავთ თავიანთი მეცნიერულ-შემეცნებითი მნიშვნელობა არც ზოგად ისტორიულ-კულტურული და არც პრაქტიკულ-გამოყენებითი თვალსაზრისით.
ალექსანდრე ბარამიძე
                     
წყარო: აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა: სტატიების კრებული  თბილისი, 1966.




ეთნოგრაფი -  ე. თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებული საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წესდება დამტკიცდა 1907 წლის 30 ივნისს. ეთნოგრაფიას   ე. თაყაიშვილი თვლიდა საქართველოს ისტორიის მესამე წყაროდ. მისი აზრით, უნდა აღიწეროსო ,,ეთნოგრაფიული მონაცემები: დაბადებასთან, ქორწინებასთან, მოსავლის მოყვანასთან, გარდაცვალება-დატირებასთან თუ ადამიანის ცხოვრების სხვა მხარეებთან დაკავშირებული რიტუალები და ქცევის წესები, დღეობა-დღესასწაულები, საადათო სამართლის ნორმები და ა.შ"...
ექვთიმეს ეკუთვნის საკალანდო (საახალწლო) სუფრის აღწერაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე. თაყაიშვილის მიერ მკვლევართა ეთნოგრაფიული მასალის შეკრებასა და კვლევაში ჩაბმა. მაგალითად, მისი გეგმით აღწერა მოსე ჯანაშვილმა ,,საინგილო", რომელიც 1911-1913 წლებში გამოქვეყნდა. ჩვენმა მეცნიერმავე აღაწერინა ნიკო ჩიმაკაძეს თავისუფალი სვანეთი. 
მოსე ჯანაშვილი
 ეთნოგრაფიული მასალების შესაკრებად   ე. თაყაიშვილმა დაგზავნა ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში საგანგებოდ შერჩეული პირები: ს. გორგაძე, ა. იაშვილი, ალ. სვანიძე, ირ. სონღულაშვილი, ა. შანიძე... მასალათა შეკრებისა და კვლევის ექვთიმესეულ პრინციპებს ითვალისწინებენ არა მხოლოდ მისი თანამედროვენი, არამედ ეთნოგრაფთა მომდევნო თაობის მუშაკებიც.
ე. თაყაიშვილმა მოუწოდა: ,,ყოველს შეგნებულს ქართველს შეუძლია დიდი დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს საზოგადოებას" (საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოება, მისი უცვლელი პრეზიდენტი   ე. თაყაიშვილის ხელმძღვანელობით), "ვის არ შეუძლია შეკრიბოს და მოგვაწოდოს ძველ-ძველი ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, იარაღები, სამკაულები, ჭურჭელი, ნაქსოვები, ფული..." და მართლაც საზოგადოებას უამრავი მასალა მიაწოდეს...
ამგვარად   ე. თაყაიშვილის მეთაურობითა და მართლაც ტიტანური შრომით მოკლე ხნის განმავლობაში დამკვიდრდა ჩვენში ეთნოგრაფიული მუშაობა მეცნიერულ საფუძვლებზე და შეიქმნა ,,ქართული მუზეუმი", სადაც  ეთნოგრაფიული განყოფილება მძლავრად იყო წარმოდგენილი.
                                     
                               
ნუმიზმატი - ისტორიის დამხმარე მეცნიერება ნუმიზმატიკა სწავლობს ძველ ლითონის ფულებსა და მედლებს.  ე. თაყაიშვილის ყურადღება მონეტებისადმი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვათა მონაპოვართა და მოსაზრების გამოყენება. იგი თვითონ აგროვებს საქართველოში აღმოჩენილ ქართულსა და უცხოურ მონეტებს, სწავლობს მათ.
ექვთიმე ფრიად ყურადღებიანი იყო ყოველი ნუმიზმატიკური ექსპონატისადმი. ქართული ფულების შესწავლის გარდა, ექვთიმემ ი. სონღულაშვითან ერთად შეადგინა ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების რუსულ-ქართული ფულების კოლექცია"
ე. თაყაიშვილმა ერთმა პირველმა აღნიშნა, რომ საქართველოში ,,ფულის აღსანიშნავ ზოგად ტერმინად საფასე იხმარებოდა"
კირიონ II
 ე.თაყაიშვილის ღვაწლი ქართული ნუმიზმატიკის მასალების მოპოვებაში, კირიონ II–ის გამოკლებით, ყველაზე დიდია და იგი ამავე მასალის შესწავლაშიც პირველთაგანია.

       






მომიჯნავე დარგთა საკითხების მკვლევარი

გეოგრაფია - ე.თაყაიშვილი საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხებსაც იკვლევდა. მან ძველ და ახალ საქართველოში აღადგინა ბევრი ნასოფლარის სახელი, დაადგინა მრავალი მივიწყებული სოფლის ადგილმდებარეობა ტოპონიმთა მიხედვით, გაარკვია ბევრი სოფლის თუ ადგილის ძველი სახელწოდება, მოსახლეობის ტომობრივი ვინაობა და გვართა განშტოებები კუთხიდან კუთხეში და კუთხეებში.
      ე. თაყაიშვილი მუდამ დაინტერესებული იყო საქართველოსა და ზოგი სხვა სახელმწიფოს დემოგრაფიით. მისი არქივი და უბის წიგნაკები შეიცავენ აუარებელ ასეთ ციფრებს.
                 
                                  
ხელოვნების ისტორია- ე. თაყაიშვილი მიერ სამშობლოს ჩამოთვლილ მიდამოებში ქართული ხელოვნების უამრავი ძეგლი არსებობს. ექვთიმე ძეგლებს უმთავრესად არქეოლოგიური მხრივ აღწერს, მაგრამ ხელოვნებათმცოდნეობით საკითხებსაც სწავლობს.  ე. თაყაიშვილის პარიზში ყოფნის დროს თბილისის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა (1924 წელს) თბილისში დაცული ,,ქართული ხუროთმოძღვრების ალბომი, შედგენილია ე. თაყაიშვილის მიერ".
იშხნის ფრესკა
 1912 წლიდან კედლებიდან ფრესკების (ფაქსიმილე) გადმოღებაც დაიწყო და ,,ხუთი წლის განმავლობაში იმდენი ფაქსიმილე მოგროვდა, რომ შესაძლო შეიქნა ფრესკების გამოფენის გამართვა". ,,სულ ამჟამად, – წერს ექვთიმე (1917წ.) , – ,,მუზეუმში მოიპოვება 73 ძველი ფრესკის პირი, საპატიო ადგილი უჭირავს მეფეთა, დედოფალთა, ერისთავთა და დიდებულთა სურათებს, რომლებიც გადმოღებულნი არიან ეკლესია-მონასტრების კედლებიდან: ,,ბეთანიის, ყინწვისის, ტიმოთეს უბნის, ვანის, გარეჯის, ბერთუბნის, ნეკრესის, ხახულის, ოშკის, იშხანის''.
ე. თაყაიშვილმა დაღუპვას გადარჩინა მრავალი ძეგლი და მასალა.

წყარო: მეგრელიძე იოსებ, ექვთიმე თაყაიშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი, 1989.                       




No comments:

Post a Comment