წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიმუშს საზღვარგარეთ გატანილი ეროვნული საგანძურიდან
მასალას თან დართული აქვს გურამ შარაძის სტატია
ვახტანგ VI, სამართლის წიგნი, XVIII საუკუნე
ვახტანგ VI ,,სამართლის წიგნი" |
ჩვენი საეკლესიო სამართლის გასათვალისწინებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ საეკლესიო კრებას, რომელზეც გამოჰქონდათ დადგენილებანი. ყველა კრების დადგენილება დღემდე არ შემონახულა, მაგრამ დღესდღეობით არსებობს ორი დოკუმენტი: რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა და საკათალიკოსო კანონები, XVI საუკუნეში იმერეთის საეკლესიო კრებაზე მიღებული.
საეკლესიო სამართლის იურისდიქციას ექვემდებარებოდნენ ჩვენში არა მარტო სასულიერო–საეკლესიო საქმეები და პირები, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულებები. სამოქალაქო კანონმდებლობის ჩამოყალიბების სურათს იძლევა დოკუმენტები, საისტორიო საბუთები, მეფეთა თუ დიდებულთა, სასულიერო თუ კერძო პირთა მიერ გაცემული წყალობის, ნასყიდობის, შეწირულობის, ორი მხარის უფლება-მოვალეობის ამსახველი სიგელ-გუჯრები.
მოგვიანებით XVIII საუკუნეში საეკლესიო–სამოქალაქო კანონმდებლობის აქტები დაამუშავა, კანონმდებლობის სახე მისცა და ერთ კრებულად წარმოადგინა ვახტანგ VI -მ თავის ,,სამართლის წიგნში".
წყარო: http://geomanuscript.ge ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
მოქვის ოთხთავი
მოქვის ოთხთავის ყდა |
ქართულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანია მოქვის
სახარება. იგი 1300 წელს აფხაზეთში მოქვის მონასტერში დანიელ ეპისკოპოსის დაკვეთით შეიქმნა. სახარება წარმოადგენს მდიდრულად დასურათებულ ხელნაწერს, რომლის მსგავსი არც ისე ბევრია შუა საუკუნეების კულტურის ისტორიაში.
დღეისათვის მოქვის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ხელნაწერი 329 ფურცელი, 155 სიუჟეტური მინიატურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 530-ზე მეტი მოხატული საზედაო ასოა.
წყარო: http://burusi.wordpress.com. http//ambioni.ge
მარტვილის განძი
საეკლესიო განძეულობა |
VII საუკუნის I ნახევარში აქ მარტვილთა სახელზე ააგეს ტაძარი – ჭყონდიდელის მარტვილთა ეკლესია.
მარტვილში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაჩაღებული. აქ მოღვაწეობდნენ: სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი (X ს.), იოანე ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე (XI ს.), გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI-XII სს.) და სხვ.
მარტვილის ხელნაწერთა კოლექცია დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
წყარო: http://burusi.wordpress.com
წყარო: http://burusi.wordpress.com
ახალგორის განძი
1908 წელს ქსნის ხეობაში, სოფელ საძეგურთან, ადრეანტიკური ეპოქის არქეოლოგიური ძეგლი - ახალგორის განძი აღმოაჩინეს.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო წარჩინებული ქალის სამკაულები: ოქროს სასაფეთქლე საკიდები, საყურეები, გომბეშოების გამოსახულებიანი ყელსაბამი, რკალგახსნილი ბეჭდები, რომლებზეც ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული, ძვლის, მინისებური პასტისა და ქვის სამკაულები, ვერცხლის ომფალოსიანი ფიალები, ბრინჯაოს სარიტუალო ნივთები, ცხენის შეკაზმულობა - ტახტის შესამკობი ვარცხლისა და ოქროს ფირფიტები, ბრინჯაოს რგოლები და ლაგმები და სხვა. ეს განძი ძვ.წ. მე-4 საუკუნით თარიღდება.
ნივთები შეიძინა და შეაგროვა ექვთიმე თაყაიშვილმა
დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
იცით თუ არა, რომ...წყარო: http://akhalgori.org.ge/
თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი (XIII ს.)
X-XIII საუკუნეები ერთიანი ფეოდალური საქართველოს ოქროს ხანად ითვლებოდა. ამ პერიოდში მეცნიერებამ, ლიტერატურამ, ხელოვნებამ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია. იქმნებოდა არაერთი დღეს უკვე ხელოვნების ნიმუში, რომლებსაც დღესაც აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი. ასეთია თამარ მეფის ჯვარი, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
მეფის ჯვარი შემკულია ხუთი ბრტყელი ლალით, რომელიც სიმეტრიულად არის განაწილებული ჯვრის ბოლოებში, ერთი – შუაგულში. ოთხი დაწახნაგებული ზურმუხტი ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეზეა ჩასმული, ასევე შემკულია ექვსი მარგალიტით, რომლებიც ჯვრის მკლავის კუთხეშია ჩასმული. ორი მარგალიტი კი ყუნწთან არის ერთმანეთის საპირისპიროდ მიმაგრებული.
ჯვრის უკანა პირზე სევადით დამუშავებული ასომთავრული წარწერაა. რომელიც გვამცნობს, რომ ამ ჯვრის მფლობელი მეფეთ მეფე თამარი იყო. სიცოცხლეში იგი არ იშორებდა ჯვარს. მისი გარდაცვალების შემდეგ ჯვარს დაუმზადეს სპეციალური ყუთი, ტიხრული მინანქრით შემკული. 1921 წლამდე ინახებოდა გელათის მონასტერში. 1921 წლიდან 1945 წლამდე კი ამ ჯვრის ერთგული მცველი ე. თაყაიშვილი იყო.
ლუკას კრანახი – ,,მაჭანკალი"
,,მაჭანკალი" |
,,მაჭანკალი" საქართველოში სავარაუდოდ დიდი მთავრის – გიორგი რომანოვის წყალობით აღმოჩნდა. აღნიშნული ტილო ინახებოდა ლიკანის რეზიდენციაში.
1920 წლამდე იგი კერძო კოლექციონერ ყორღანოვს ჰქონდა, რომლისგანაც შეიძინა ცნობილმა მხატვარმა და მეცნიერმა დიმიტრი შევარდნაძემ და თავის მიერ დაარსებულ ცისფერ გალერეაში დაკიდა.
1921 წელს ნახატი საქართველოს საგანძურის ნუსხაში მოხვდა და მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში წაიღო, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი ერთგულად იცავდა. ცნობილია ისიც, როგორ ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას ფაშისტები. 1946 წელს ქართულ საგანძურთან ერთად ,,მაჭანკალიც" დაუბრუნდა საქართველოს და 1994 წლამდე ხელოვნების მუზეუმში იყო გამოფენილი.
1994 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან მოიპარეს აღნიშნული ტილო, რომელიც 40 მილიონადაა შეფასებული და მხოლოდ 2007 წელს დაუბრუნეს სამართალდამცველებმა მუზეუმს.
გაზეთი ,,კომუნისტი", 1931წ., 22 თებერვალი, №45 – ეროვნული განძის ნუსხა |
გურამ შარაძე
როგორ და რატომ მოხვდა ეროვნული
საგანძური საზღვარგარეთ
1921 წლის
თებერვალია. მე-11 წითელმა არმიამ სერგო ორჯონოკიძისა და სერგეი კიროვის მეთაურობით
გადმოლახა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი და თბილისს
მოუახლოვდა. საფრთხე დაემუქრა საქართველოს დამოუკიდებლობას, მის თავისუფლებას ... განსაცდელშია
დემოკრატიული საქართველოს დედაქალაქი!
სინამდვილეს
თვალი უნდა გაუსწორონ მაშინდელი საქართველოს
მესვეურებმა - როგორც პოლიტიკოსებმა, ისე კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლებმა...
ყველა თავისებურად ფიქრობს სამშობლოს გადარჩენაზე!
საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით გადაწყვიტა თავი აარიდოს
ახალ სისხლისღვრას (გვეყო, რაც სისხლი დაიღვარა კოჯორთან, ტაბახმელასთან) და ქვეყანაში
სამოქალაქო ომის გაჩაღების საშიშროებას, დაწვას და განადგურებას გადაარჩინოს დედაქალაქი... მათ ემიგრაციაში წასვლა განიზრახეს, რათა შემდეგ პოლიტიკური გზებით, მსოფლიო საზოგადოებრიობის
აზრის მომხრობით, მსოფლიო პარლამენტების, ერთა ლიგის, მსოფლიოს სოციალ–დემოკრატიული
მოძრაობის თანადგომით დაებრუნებინათ საქართველოს დაკარგული დამოუკიდებლობა (სოციალ-დემოკრატიული
მოძრაობა რომ ვახსენეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას, თავისი ინტერნაციონალებით, უზარმაზარი
ავტორიტეტი ჰქონდა მთელს მსოფლიოში მოხვეჭილი.
ის კი არა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დღესაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავთ
სოციალ-დემოკრატებს და პირველობაში ეცილებიან მმართველ ქრისტიან-დემოკრატთა პარტიას,
ხოლო რაც შეეხება შვედეთს, - მთელს მსოფლიოში ყველაზე დაწყობილ და, რაც მთავარია,
კონსერვატულ-მონარქისტული წყობის ქვეყანას, - ასი წელია სოციალ-დემოკრატიული მთავრობა
ჰყავს სათავეში!). ასე რომ, ჩვენი ქვეყნის სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას იმედი ჰქონდა
საქართველოში მომხდარი ბოლშევიკური ოკუპაცია მსოფლიოს მიერ ინტერვენციად შეფასდებოდა
და პოლიტიკური გზებით აღადგენდნენ მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
აი, რას ფიქრობდნენ და რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი მაშინდელმა
ჩვენმა პოლიტიკოსებმა. ახლა ვნახოთ, რას ფიქრობს ქართული მეცნიერების საჭეთმპყრობელი
დიდი ივანე ჯავახიშვილი!
მაშინ, მოგეხსენებათ, არ იყო ასე მრავლად სამუზეუმო ნაგებობები საქართველოში. ამიტომ ეროვნული
საგანძურის დიდი ნაწილი, გარდა კავკასიის მუზეუმისა და სამხატვრო გალერეისა, თბილისის
უნივერსიტეტში ინახებოდა. უნივერსიტეტის შენობის მარჯვენა ფრთის III სართული ძირითადად
რამდენიმე სამუზეუმო განყოფილებას ეკავა. მათ შორის იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და საეკლესიო მუზეუმების საგანძური
...დიახ, ამ სამუზეუმო განძეულობაში იყო როგორც ქართული ქრისტიანული მატერიალური კულტურის
ძეგლები, ისე ჩვენი ძველი ხელნაწერები, მათ შორის
„ვეფხისტყაოსნისა“... ამ დროს უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ივანე ჯავახიშვილია,
ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ (იგი უნივერსიტეტის გახსნის
დღიდან - 1918 წლის იანვრიდან 3 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს არქელოგიაში
და მისი სტუდენტები იყვნენ სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, სერგი მაკალათია, თამარ
ლომოური, შალვა ამირანაშვილი...). ისინი მეგობრები არიან, მაგრამ ივანე ჯავახიშვილი
განზე გადგა პოლიტიკისაგან, ექვთიმე საქართველოს პარლამენტის (მაშინდელი დამფუძნებელი
კრების) წევრი, ამასთან, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, იგი ეროვნულ-დემოკრატებმა,
თავისი პარტიული კვოტით, პარლამენტის თავმჯდომარის დამფუძნებელი კრების ანუ პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილედ გაიყვანეს (მაშინ მოადგილეს ამხანაგს ეძახდნენ). დამფუძნებელი
კრების ანუ პარლამენტის თავმჯდომარე არის კარლო ჩხეიძე - სოციალ-დემოკრატი, რომლის პირველი მოადგილე ასევე სოციალ–დემოკრატი,
ჩვენი გამოჩენილი მეცნიერის გიორგი ლომთათიძის მამა ალექსანდრე ლომთათიძეა; მოადგილეა,
აგრეთვე, როგორც ვთქვით , ექვთიმე თაყაიშვილიც - ეროვნულ-დემოკრატი; ხოლო პარლამენტის
მდივანი გახლავთ მომავალში დიდი ქართველი მეცნიერი ქალი, ისტორიკოსი, ქალბატონი ქრისტინე
(ჩიტო) შარაშიძე.
..ივანე
ჯავახიშვილი იბარებს ექვთიმე თაყაიშვილს და ეუბნება: ბოლშევიკები დღეს თუ ხვალ დედაქალაქში
შემოვლენ და აქედან მთელ საქართველოს მოედებიან. მე მეშინია, რომ ისინი ჩვენს სამუზეუმო
განძეულობას გაანადგურებენ, ქვეყანას გაძარცვავენ. გავიგე, რომ საქართველოს მთავრობა
ემიგრაციაში მიდის და მინდა, როგორმე ხმა მივაწვდინო ნოე ჟორდანიას, რომ თან წაიღონ
ჩვენი სამუზეუმო და ეკლესია-მონასტრების განძეულობა. შენ, ჩემო ექვთიმე, პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე (ამხანაგი) ხარ და შენთვის ადვილია ნოე ჟორდანიასთან დაკავშირება,
რომ ახლავე შეატყობინო ჩემი ეს თხოვნაო.
მართლაც,
ექვთიმე თაყაიშვილი იმ დღესვე ეახლა ნოე ჟორდანიას და გადასცა ივანე ჯავახიშვილის თხოვნა.
ნოე ჟორდანიამ დაუძახა მდივანს და იქვე უკარნახა ბრძანების ტექსტი სამუზეუმო განძეულობის
- ქართველი ხალხის ეროვნული საკუთრების დროებით უცხოეთში გატანისა და მის მეთვალყურედ
ექვთიმე თაყაიშვილის დანიშვნის შესახებ. ექვთიმეს უარი განუცხადებია უცხოეთში წასვლაზე,
მაგრამ მთავრობის თავმჯდომარეს იგი დაურწმუნებია ამ გადაწყვეტილების სისწორეში.
ამ ბრძანებით
დაბრუნდა ექვთიმე უკან. გადასცა ივანე ჯავახიშვილს ეს ყველაფერი, რის შემდეგაც დაიწყო
სამუზეუმო და საეკლესიო განძეულობის სასწრაფოდ ყუთებში ჩალაგება-დალუქვა. ექვთიმემ
ღამით თავის მეუღლეს და უახლოეს მეგობარს ნინო პოლტორაცკაიას ყველაფერი უამბო. ისიც
დაეთანხმა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებას და მოკლედ რომ მოვჭრათ, ასე
აღმოჩნდა ბატონი ექვთიმე თაყაიშვილიც მეუღლითურთ და ეროვნული განძიც ემიგრაციაში.
როგორც ვხედავთ,
სამუზეუმო და საეკლესიო-სამონასტრო განძეულობის თუ ხაზინისა და სასახლეების (ზუგდიდის,
თბილისის, ბორჯომის) ძვირფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და ბოლშევიკური ოკუპაციისაგან
მათი ხსნის იდეა, თურმე ივანე ჯავახიშვილს ჰკუთვნებია, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილს ემიგრაციაში
წასვლა ადრე ფიქრადაც არ ჰქონია. ის კი არა, ნოე ჟორდანიას ამ წინადადებაზე მას თავდაპირველად
ცივი უარიც განუცხადებია!
ეს ხომ სრულად
ახალი ვერსიაა ჩვენი სამუზეუმო განძეულობის და ექვთიმე თაყაიშვილის უცხოეთში მოხვედრის
თაობაზე და განსხვავდება გაბატონებული აზრისაგან (შდრ. შ. ამირანაშვილი, „საქართველოდან
სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება“, პირველი გამოცემა,
თბ., 1968: მეორე გამოცემა თბ., 1978, ე, თაყაიშვილი,
„რჩეული ნაწერები“, ე. უბილავა, „განძეულის გუშაგი“, თბ., 1980 : გ. ჟორდანია, „დაბრუნებული
საუნჯე“, 1983; ი. მეგრელიძე, „ექვთიმე თაყაიშვილი“, თბ., 1989.), სადაც ამ საქმესთან
დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელი საერთოდ არ არის ნახსენები!
კი მაგრამ,
საიდან ირკვევა, საიდან ვიცით ყოველივე ეს? რა გვაქვს საფუძვლად, როდესაც ასეთ განსხვავებულ
ვერსიას ვაყენებთ ჩვენი მკითხველის სამსჯავროზე? პირველწყაროდ ვინ გვყავს მხედველობაში?
ისევ და ისევ
დიდი ექვთიმე თაყაიშვილი, რომლის უცნობი მოგონებები ჩაუწერია ვალიკო ჩუბინიძეს.
ვინ იყო ვალიკო
ჩუბინიძე და რამდენად სანდოა მისი ჩანაწერები?
...1988 წლის 22 აგვისტოს, დილით, თავის ბინაში მკვდარი იპოვეს თითქმის ას
წელს მიღწეული მარტოხელა მოხუცი ვალიკო ჩუბინიძე - ძველი სოციალ-დემოკრატი, 1924 წლის
სახალხო ამბოხების აქტიური მონაწილე, ქართული
პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წევრი საფრანგეთში ...იგი 1926 წლიდან პარიზში ცხოვრობდა - ჯერ მუშაობდა საქართველოს
საელჩოში აკაკი ჩხენკელთან, რომელსაც იმ დროს კიდევ სცნობდა საფრანგეთის ხელისუფლება, ხოლო 1933 წლიდან საელჩოს გაუქმების
შემდეგ, სანამ 90 წელი არ შეუსრულდებოდა, ვ. ჩუბინიძე პარიზში საცალო ვაჭრობას ეწეოდა,
ამასთან არც აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის გაუნებებია თავი: ორი ათეული წლის
განმავლობაში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის პარიზის ორგანიზაციის თავმჯდომარე
და სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი, ხოლო პავლე სარჯველაძის
გარდაცვალების
შემდეგ მისი თავმჯდომარე.
ვ. ჩუბინიძე
ერთგულ სამსახურს უწევდა მის პარტიულ ბელადს ნოე ჟორდანიას, საკუთარი სახსრებით გამოსცა
ნოეს ემიგრაციაში დაწერილი ახალი ნაშრომები (პარიზი, 1956.). ამასთან ნივთიერ დახმარებას
უწევდა გაჭირვებაში მცხოვრებ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს...
ვ. ჩუბინიძის
წერილები ხშირად იბეჭდებოდა საზღვარგარეთულ ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში. ცალკეა
აღსანიშნავი საფრანგეთის დედაქალაქში ორ ტომად გამოცემული მისი „მოგონებანი“ (პარიზი,
1938, 1953 წწ.), რომელიც ერთ-ერთ აუცილებელ პირველწყაროს წარმოადგენს როგორც ჩვენში
რევოლუციური მოძრაობის, ისე საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდისა (1918 – 1921 წწ.)
და, განსაკუთრებით, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი 1924 წლის ამბოხების
ისტორიისათვის.
სხვა ღირსეულ მამულიშვილებთან ერთად ვალიკო ჩუბინიძე
დაკრძალულია ლევილის ქართულ საძმო სასაფლაოზე (დაწვრილებით იხ. გ. შარაძე, „უცხოეთის
ცის ქვეშ“, ტ. 3, თბილისი, 1993, გვ 186-194).
აი, სწორედ
ამ ვალიკო ჩუბინიძეს ჩაუწერია თავის „დღიურებში“ ექვთიმე თაყაიშვილის ოთხი მოგონება) იხ. ჟურნ. „ჩვენი დროშა“, პარიზი, № 108, გვ. 73-82), რომელთაგან პირველი სწორედ
ჩვენთვის საინტერესო საკითხს ეხება და ამიტომაც მას აქ პირველად მოვიყვანთ:
აწ განსვენებული პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი ადვილად არავის ენდობოდა და თუ გენდობოდათ,
მიგიღებდათ გულთბილად, მამაშვილურად, იყო იშვიათი მოსაუბრე და მისგან ყველანი ბევრ
რამეს ვსწავლობდით, ამიტომ ვცდილობდით მასთან ახლოს ყოფნას და მის ყურადსაღებ სწავლების
მოსმენას.
..ეს იყო
ომის (იგულისხმება მეორე მსოფლიო ომი - გ. შ.) დაწყებამდე, ზაფხულში, ლევილშიდ. ბ-ნი
ექვთიმე ჩამობრძანდა ეზოშიდ, მშვენიერი სანახაობაა ამ დროს შატოს გარემო მისი ასწლოვანი
ცაცხვებით, რომლებიც საამო სურნელებას გამოჰყოფენ ამწვანებულ მდელოზედ. ყველანი ბატონ
ექვთიმესაკენ გავეშურეთ და ჩრდილშიდ მისთვის განკუთვნილ სავარძელშიდ მოვათავსეთ.
ბ-ნი ექვთიმე
დიდად ნასიამოვნები დარჩა მისდამი ასეთი ყურადღებისათვის. მადლობა გადაგვიხადა და ღიმილით
გვითხრა: რა ქვიანა, თქვენ გინდათ რაღაც დამაცდევინოთ
და მეც მსურს მოგითხროთ ერთი მეტად საინტერესო ამბავი ჩვენს მიერ გამოტანილ განძეულობაზედ,
რომელსაც თვალის ჩინივით ვუვლიდი. დიდი ნოეს (ჟორდანიას) გადაწყვეტილებაზედ იყო დამოკიდებული
მისი უცხოეთში გამოტანა და თუ ადგილზედ დატოვებდა - არც მე და არც ჩვენს მთავრობას
ამაზედ არ გვიფიქრია. ეს აზრი ჩვენ შთაგვაგონა ჩემმა მეგობარმა დიდმა ივანემ (ჯავახიშვილმა).
ეს ასე მოხდა:
წითელი არმია თბილისს უახლოვდებოდა, მიბარებს ივანე და მეუბნება: ხომ ხედავ, ექვთიმე,
მოდის რუსის ჯარი, მონათლული დამოუკიდებელ საქართველოს და სამღვდელოების მტრობით და
სიძულვილით, ისინი დაარბევენ და გაძარცვავენ ჩვენს ეკლესიებს, მუზეუმებს და ყველა
საზოგადოებრივ დაწესებულებებს; ამიტომ ეხლავე შენ უნდა ნახო მთავრობის თავმჯდომარე,
გააცნო ჩვენი ეროვნული განძეულობის გაძარცვა-დაღუპვის საშიშროება. ის ეხლავე უნდა შეგროვდეს
და საქართველოდან დროებით უცხოეთში უნდა გაიტანოთ გადასარჩენად.
მე მაშინვე
თანხმობა განვუცხადე ივანეს და საჩქაროდ წავედი სასახლეშიდ. იმ დროს შინ ნოეს ნახვა
არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მე მან დაუყოვნებლივ მიმიღო, მომისმინა და მაშინვე გამოაძახებინა
ჩემი კარგი ნაცნობი და მეგობარი იოსებ ელიგულაშვილი - თანაშემწე ფინანსთა მინისტრის
(კონსტანტინე კანდელაკის), კაცი განათლებული, ენერგიული და საქმიანი.
ბატონ ნოემ
მას უთხრა: იოსებ, შენ თანამშომლობ ექვთიმესთან. გაძლევთ სრულ უფლებას,
იმოქმედოთ თქვენი შეხედულებებისდა მიხედვით განძეულობის შესაკრებად, გაძლევთ უფლებას
ყოველგვარი ტრანსპორტის რეკვიზიციისას და საჭირო თანხებს. იქვე უკარნახა ეს ბრძანება
მის მდივანს, ხელი მოაწერა და გადმომცა: მხოლოდ, - დააყოლა, - ექვთიმე, შენ ინიშნები
განძეულობის გამგედ და უცხოეთშიდაც უნდა გამოჰყვე ამ განძეულობას ამ უფლების გამოყენების
შენახვით. ასლს განძეულობის აღწერილობისას სათანადო თქვენი და თქვენ მიერ შედგენილი
კომისიის ხელის მოწერით დასტოვებთ, სადაც თქვენ საჭიროდ დაინახავთ. მე უარი განვაცხადე
უცხოეთშიდ წასვლაზედ, მოვასხსენე, - მე ოჯახობას მარტო ვერ დავტოვებ-მეთქი. ბატონ ნოემ
ცივად მიპასუხა: მეუღლესაც წამოიყვან და იქვე უკარნახა მდივანს ბრძანებულება ჩემი დანიშვნისა
და იოსების (ელიგულაშვილის) ჩემს თანაშემწედ დანიშვნისა. ხელი მოგვაწერინა, ასლი მდივანს
გადასცა, გვისურვა წარმატება და გვითხრა - მე ყოველთვის თქვენს განკარგულებაში ვარ,
არ მომერიდოთ - მაგრად ხელი ჩამოგვართვა და დაგვემშვიდობა.
რასაკვირველია, მე დიდი მადლობა მოვახსენე ჩემი და ივანეს
სახელით. ჩვენ მაშინვე შევუდექით მუშაობას. ყველანი დიდი მონდომებით გვერდშიდ ამოგვიდგა.
რასაკვირველია, დიდი ივანეს (ჯავახიშვილის) დახმარებით და იოსების (ელიგულაშვილის)
განაკუთრებული ორგანიზატორის ნიჭიერებით ჩვენი დავალება ბრწყინვალედ შევასრულეთ.
ამის შემდეგ,
როგორც ვიცით, 1921 წლის 20–21 თებერვალს, რკინიგზით განძი თბილისიდან წამოიღეს და
ქუთაისის გავლით და იქ ახალი ნაწილების (ხაზინის, გელათის მონასტრის) შემომატებით
3 მარტს ბათუმში ჩაიტანეს. ამიერკავკასიაში საფრანგეთის მთავრობის სრულუფლებიანი მინისტრის
(დესპანის) და უზენაესი კომისრის აბელ შევალიეს დახმარებით ბათუმში ჩატანილი განძი მატარებლიდან
5 მარტს ფრანგულ სამხედრო კრეისერ „ერნესტ რენანზე“ გადატვირთეს (აქვე მიუმატეს ბათუმში
სხვადასხვა მატარებლით ჩატანილი ბორჯომისა და ლიკანის სასახლეების ქონება) და 11 მარტს
კონსტანტინეპოლისკენ გაისტუმრეს, 14 მარტს კი მეორე პატარა გემით ექვთიმე თაყაიშვილმა
„ერნესტ რენანს“ კონსტანტინოპოლში ჩაუსწრო და საფრანგეთში გასაგზავნი განძი ძველ ფრანგულ
სამხედრო სატრანსპორტო გემზე „ბიენ ჰოაზე“ გადაიტანა ... ზღვაზე თითქმის 2-თვიანი მომქანცველი
მგზავრობის შემდეგ 1921 წლის 10 აპრილს, საღამოს „ბიენ ჰოა“ მარსელის სანაპიროს მიადგა,
სადაც დახვდნენ პროფ. ზურაბ ავალიშვილი და ანდრია დეკანოზიშვილი; 11 მარტს, დილით გემიდან
განძი გადმოალაგეს და საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებაში მოათავსეს, თვითონ
კი პარიზში ჩავიდნენ.
მოგეხენებათ,
ემიგრაციაში წასული ჩვენი ეროვნული მთავრობის ჩანაფიქრი არ გამართლდა, პოლიტიკური გზებით
ვერ დაიბრუნეს საქართველოს დამოუკიდებლობა, მით უმეტეს, რომ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის
ფაშიზმზე სტალინის გამარჯვებამ კიდევ უფრო განამტკიცა ბოლშევიზმი და კომუნისტური რეჟიმი,
აამაღლა საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ავტორიტეტი, რამაც მთლიანად მოუსპო სამშობლოში
დაბრუნების იმედი ჟორდანიას და მის მთავრობას.
როგორც ვიცით, გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ საფრანგეთის ეროვნულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა გენერალი დე გოლი, რომელიც 1994 წლის 2 დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე მოსკოვს ეწვია, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, შეხვდა ი. სტალინს და სათანადო მოლაპარაკების შედეგად 10 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება საფრანგეთის რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირს შორის კავშირისა და ურთიერთდახმარების შესახებ (იხ. „იზვესტია“, 19. XII. 1944).
პირად საუბარში სტალინმა აგრძნობინა და შეახსენა დე
გოლს, რომ საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში ჩატანილია და ინახება საქართველოს
ეროვნული განძი (ამის შესახებ დე გოლი მოსკოვში ჩასვლამდეც იყო ინფორმირებული და
1944 წლის 23 ნოემბერს სათანადო განკარგულებაც ჰქონდა გაცემული ქართული საუნჯის დაბრუნების შესახებ, რითაც იგი
იქმნიდა ხელსაყრელ პირობებს საბჭოთა მთავრობის მეთაურთან ი. სტალინთან მომავალი მოლაპარაკების
წარმატებით დასაგვირგვინებლად) და როგორც შ. ამირანაშვილი წერს, ,,მისგან დაპირება
მიიღო ქონების დაბრუნების შესახებ“...
ვ. ჩუბინიძის
მეცნიერებისთვის უცნობ მოგონებებს აგვირგვინებს მონათხრობი ექვთიმე თაყაიშვილის
უკანასკნელი დღეების შესახებ საფრანგეთში, სამშობლოში განძთან ერთად დაბრუნების სამზადისი
და მისი გამოთხოვება ქართულ ემიგრაციასთან:
,,ბატონ ექვთიმეს უკანასკნელად მე შევხვდი ჯერ ლევილშიდ,
შემდეგ კი ბატონ ნოესთან. ლევილის ქართველობამ მას საქართველოშიდ გამგზავრების
(1945 წლის 5 აპრილი, გ.შ.) წინ გაუმართა გამოსათხოვარი სადილი. ბატონი ექვთიმე ძალიან
ღელავდა. თვალცრემლიანმა დალია ჩვენი სადღეგრძელო, გვითხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეღარ
ვნახავთ და დიდი გაბედულობით გაგვიცხადა: მე იქ ვიცი დიდი პატივით მიმიღებენ, მაგრამ
ისიც ვიცი, რომ მე მათ მუდმივ ,,დამაშნი არესტში“ ვეყოლები თავისუფლებას მოკლებული. მსხვერპლად ვეწირები
ჩემს თავზედ აღებულ მოვალეობას, არასოდეს არ იფიქროთ, რომ მე თქვენ გღალატობთ! აკანკალებული
ხელით თვალცრემლიანმა დალია ჩვენი სადღეგრძელო, დაგვლოცა და სასაფლაოზედ წავიდა ყველას
თანხლებით მეუღლის საფლავზედ გამოსამშვიდობებლად.
რამდენიმე დღის შემდეგ ბატონი ექვთიმე ეწვია დიდ ნოეს
(ჟორდანიას) და ახარა, რომ განძეულობას არაფერი აკლია, შესანიშნავ მდგომარეობაშია და
დაემატა თქვენი მთავრობის მიერ შესყიდული სამუზეუმო ნივთები, რომელიც კერძო პირებს
უცხოეთში გაუყიდიათ. თამარ მეფის ქოშები და სარტყელიც, რომელზედაც თქვენ ისე სწუხდით,
საპატიო ადგილზედაა.
ბატონი ექვთიმე სუფრაზედ მიიწვიეს. მან ფეხზე ადგომით
დალია ბატონ ნოეს სადღეგრძელო, შენობით მიმართა და უთხრა შემდეგი:
„ნოე, მე იქ შენი ბრძანებით მივდივარ, იცოდე, მომაწერენ ბევრ რამეებს შენი და ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ თითქოს ჩემს თქმულს. იცოდე, არ დაიჯერო. ამის ნიშნებს უკვე ვხედავ: მე ვიყავი და ვრჩები საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზედ, იქაც და აქაც მუდამ გვერდშიდ ვუდექი ეროვნულ მთავრობას, ვრჩები მისი ერთგული და ვიზიარებ საზღვარგარეთ მის მუშაობას, რადგან პირნათლად ასრულებთ დამფუძნებელ კრების დავალებას. მე შენ იცი, რომ მათ მიერ შეთხზულ სიცრუის გასაფანტავად ვტოვებ ანდერძის სახით ყოველივე ახსნა-განმარტებას და ჩემს შეხედულებას ჩვენი ქვეყნის დამპყრობლების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ და ნებას გაძლევთ გამოაქვეყნოთ გარდაცვალების შემდეგ ქართველი ხალხის საყურადღებოდ!“
„ნოე, მე იქ შენი ბრძანებით მივდივარ, იცოდე, მომაწერენ ბევრ რამეებს შენი და ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ თითქოს ჩემს თქმულს. იცოდე, არ დაიჯერო. ამის ნიშნებს უკვე ვხედავ: მე ვიყავი და ვრჩები საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზედ, იქაც და აქაც მუდამ გვერდშიდ ვუდექი ეროვნულ მთავრობას, ვრჩები მისი ერთგული და ვიზიარებ საზღვარგარეთ მის მუშაობას, რადგან პირნათლად ასრულებთ დამფუძნებელ კრების დავალებას. მე შენ იცი, რომ მათ მიერ შეთხზულ სიცრუის გასაფანტავად ვტოვებ ანდერძის სახით ყოველივე ახსნა-განმარტებას და ჩემს შეხედულებას ჩვენი ქვეყნის დამპყრობლების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ და ნებას გაძლევთ გამოაქვეყნოთ გარდაცვალების შემდეგ ქართველი ხალხის საყურადღებოდ!“
თუ როგორი იქნებოდა ამ ორი სიყრმის მეგობრის გამოთხოვება უცხო მიწაზედ, ეს თვითონ მკითხველმა წარმოიდგინოს!
სამწუხაროდ, ამ
ორმა პიროვნებამ (ნოე ჟორდანიამ და ექვთიმე თაყაიშვილმა) ისე დაგვტოვა, რომ არავინ
იცის, თუ ვის მიაბარა, ან სად ინახება განსვენებულ პროფესორის ექვთიმე თაყაიშვილის ეს მრავალი სიმართლის მთქმელი უაღრესად ისტორიული, საინტერესო ანდერძი.“
ჯერჯერობით ეს ანდერძი ვერა, მაგრამ, სამაგიეროდ, პარიზულ არქივში აღმოჩნდა ექვთიმე თაყაიშვილის 1943 წლის 26 დეკემბრის ანდერძი, რომელშიც
ვკითხულობთ:
„ანდერძი
ოცდაექვსი
დეკემბერი. 1943 წელი. სოფელი ლევილი.
მე ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი
სრულს გრძნობასა და შემეცნებასა მყოფი ვსწერ ამ ანდერძს და განკარგულებას. უმორჩილესად
ვთხოვ ბატონ - სამსონ ფირცხალავას, სოსო გოგოლაშვილს, ვახტანგ ღამბაშიძეს, კოწია კანდელაკს,
ვანიჩკა ჭავჭავაძეს, ლევან ზურაბიშვილს, ისიდორე მანწკავას და ჯამლეთ გვაზავას - დამდვან
პატივი და ინებონ ამ ანდერძის შესრულება.
1. მიიღონ თავის განკარგულებაში
ყველა მოძრავი ქონება, რაც სიკვდილის დღეს დამრჩება. ფულად თუ ბილეთებად, რაც დამრჩება
- ეს არის გამოსაცემი ფონდი. ჩემი შრომებისა და საარქეოლოგიო და საკულტურო მასალებისა.
ამ ფონდიდან პირველ ყოვლისა გაიღეთ ჩემი დამარხვის ხარჯი. დამმარხეთ სულ უბრალოდ, არც
გვირგვინები, არც სიტყვა, ხოლო ვინაიდან მე ქრისტიანულ წესზე ვარ აღზრდილი, მინდა ქრისტიანულად
დავიმახო მღვდლის დასწრებით. ნინოს და ჩემი სასაფლაო სამუდაოდ ნაყიდია. ქაღალდი ამ
ანდერძთან ინახება. ეხლანდელი ნინოს ძეგლი შეგიძლიათ ვინმე ჩვენს თანამემამულეს მოახმაროთ,
ხოლო ჩვენ გამძლე ქვის ძეგლი დაგვიდგათ წარწერით:
Consession a perpetuite და
შემდეგ : პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი
(1863 – 19--) და ნინო თაყაიშვილისა (1873 – 1931). სახელები ფრანგულადაც უნდა იყოს.
თუ მოხერხდეს და ნება დაგრთონ ცოტა მოზრდილი დაფნის ნერგები ჩარგით ოთხივე კუთხის ძეგლისა.
შენიშვნა: ჩემს სკივრში თეთრეულებთან ინახება
კელაპტრის დიდი სანთელი, რომელიც ჯვრისწერის დროს ვიხმარეთ ეკლესიაში. ნინოს წამოეღო,
სიკვდილის შემდეგ უნდა დაგვინთონ კუბოს წინო და შემდეგ კუბოში ჩაგვატანონო. ნინოს სურვილი ავუსრულე და მისი სურვილისამებრ მინდა მეც
ამისრულოთ.
2.
ჩემს განძს და ავლადიდებას შეადგენს ჩემი საისტორიო და საარქეოლოგიო მასალები, ტექსტები,
გეგმები, ფოტოგრაფიული სურათები და სხვა აგრეთვე ჩემი ბიბლიოთეკა, რომელიც დიდის ცდით
და შრომით შევაგროვე და მივიღე საქართველოდან
ამ 22 წლის განმავლობაში. უმეტესი ნაწილი მასალებისა ცალკე პაკეტშია მოქცეული ზედ წარწერით,
რა მხარის და ძეგლების მასალებია. ესენი ყველა, თუ აქ ზოგი რამ უკვე დამზადებული არ გამოიცა, უნდა გაეგზავნოს
თბილისის უნივერსიტეტს, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება, ან უნდა თქვენ თვითონ
წაიღოთ, თუ ბედმა საქართველოში დაბრუნება გარგუნათ. ტფილისის უნივერსიტეტს უნდა გაეგზავნოს
აგრეთვე ყველა ჩემი პარიზში თუ ევროპაში გამოცემული წიგნები და ბროშურები, ესე იგი
სამეცნიერო გამოცემათაგან ამონაკვეთები.
3.
რაც შეეხება ჩემს ბიბლიოთეკას, ამას ვტოვებ ჩემი ანდერძის ამსრულებელთა განკარგულებაში
(მცირე წიგნების გამოკლებით, რაც ტფილისის უნივერსიტეტს უნდა გაეგზავნოს ჩემი იქოური
ბიბლიოთეკის შესავსებად, ეს ცალკე სიით იქნება აღნიშნული) შემდეგის პირობით: ჩემი ბიბლიოთეკა
უნდა გახდეს საფუძველი საფრანგეთის ქართველთა ემიგრაციის ქართულის ბიბლიოთეკისა, რომელსაც
უნდა მიემატოს ჩვენი ლეგაციიდან აქ ლევილში გადმოტანილი წიგნები და აგრეთვე ის წიგნები,
რომელთაც ემიგრაციის ახალგაზრდობა შეიძენს მის შესავსებად (ასეთი განზრახვა უკვე შარშან
დაებადა ახალგაზრდობას), ან კერძო ემიგრანტები
შემოსწირავენ თავის წიგნებს. ლევილის შატოში უნდა დაეთმოს ამ ბიბლიოთეკას ზემო სართულში
ის პატარა ოთახი თავის კედლის განჯინებით, რომელშიაც ეხლაც მოთავსებულია ჩემი წიგნები. უყდო წიგნები უნდა შეიმოსოს
ყდით. ამ ბიბლიოთეკიდან სახლში წასაღებად და სახმარად წიგნი არავის არ მიეცემა, გარდა
უკიდურესი შემთხვევისა, როცა ამას ნების აღმსრულებელნი
საჭიროდ დაინახავენ. აქ ყველას ნება ექნება
ისარგებლონ წიგნებით, სამაცადინოდ გამოყენებული იქმნეს დიდი ზალა ქვემო სართულებში.
გამგეობა ბიბლიოთეკისა უნდა მიენდოს ბატონ სამსონ ფირცხალავას, ან იმას, ვისაც ნების
აღმსრულებელნი მიანდობენ, თუ რაიმე მიზეზით სამსონმა ვერ შესძლო, როცა ემიგრაციას საშუალება მიეცემა სამშობლოში დაბრუნებისა,
ან ლევილის მამული სალიკვიდაციო გახდება, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ნების აღმსრულებელნი
ვეღარ შესძლებენ ლევილში დაცვას ბიბლიოთეკისა, მაშინ ჩემი ბიბლიოთეკა უნდა გადაეცეს პარიზის ცოცხალ აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტს, როგორც შეწირულობა
პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილისა“.
...
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, - სწორედ ამაზეა ნათქვამი!
რა
იცოდა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომ სულ რაღაც
ერთი წლის შემდეგ სხვა ანდერძი ექნებოდა დასაწერი, განძთან და თავის ნივთებთან ერთად
1945 წლის 11 აპრილს საქართველოში დაბრუნდებოდა, ხოლო მის მრავალტანჯულ ბებერ ძვლებს
1953 წლის 24 თებერვალს თბილისის მიწა მიიბარებდა, მოგვიანებით კი, მის უსაყვარლეს
მეუღლეს - ნინო პოლტორაცკაიასაც ლევილიდან დიდუბეში გადმოასვენებდნენ და მის გვერდით
მიუჩენდნენ სამუდამო განსასვენებელს!
დიდი მადლობა, ასეთი მშვენიერი გვერდების შექმნისთვის. გაიხარეთ. თქვენ დიდ ქართულ საქმეს აკეთებთ.
ReplyDeleteგანძის ჩამონათვალი
ReplyDelete